მზია ამაღლობელი

შვედეთი სახაროვის პრემიის გამარჯვებულებზე: დემოკრატიის დასაცავად გამბედაობაა საჭირო

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტებისს, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მიერ სახაროვის პრემიის მიღებით შთაგონებულები არიან. ამის შესახებ უწყება X-ზე წერს.

"სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და დემოკრატიის დასაცავად გამბედაობაა საჭირო. შთაგონებულები ვართ ევროპარლამენტის არჩევანით და გადაწყვეტილებით, 2025 წლის სახაროვის სახელობის პრემია გამოხატვის თავისუფლებისთვის გადასცეს დაპატიმრებულ ჟურნალისტებს – ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან". - წერია განცხადებაში.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა.


სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.


ცნობისთვის, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მანამდე, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები