რუსული რეჟიმი

კალაძე რეზოლუციაზე: EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს

"ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან, მტრობენ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს" - ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე დასმულ შეკითხვას. 

EPP ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ევროკავშირში მათი აქტივების გაყინვისკენ. ამასთან, რეზოლუციაში EPP მოუწოდებს ევროპულ საბჭოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ქართუ ბანკის SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვის მიზნით და ასევე დააწესოს სანქციები იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ მას.

კალაძის შეფასებით, ამ ტიპის რეზოლუციები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა და ამტკიცებს, რომ ოცნება საქართველოს ინტერესს ატარებს. 

"ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი, რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია.

დღეს, ქართული ოცნება ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად, არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ". - თქვა კალაძემ. 

კომენტარები