ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, 2 მაისს 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების წევრ ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
არაღჩის განცხადებით, ირანის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მოლაპარაკებები რომში ჩატარდება.
"ჩემი აზრით, სამმა ევროპულმა ქვეყანამ მათ მიერ არჩეული არასწორი პოლიტიკის გამო ბირთვულ მოლაპარაკებებში საკუთარი როლი დაკარგა, თუმცა ჩვენ ეს არ გვსურს და მზად ვართ მათთან რომში მოლაპარაკებები გავმართოთ". - თქვა არაღჩიმ.
სააგენტო Reuters-თან საუბარში სამმა ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოები თეირანთან დიალოგის შენარჩუნებას საჭიროდ მიჩნევენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები 30 აპრილს ბერლინში აშშ-ს ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, რათა რომის შეხვედრამდე აშშ-ირანის მოლაპარაკებების შედეგებს გაცნობოდნენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ 29 აპრილს განაცხადა, რომ თუ მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშლება, პარიზი სანქციებს"არ დააყოვნებს", რასაც ირანის ეკონომიკაზე "დამანგრეველ ეფექტს" იქონიებს.
გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც Reuters-მა იხილა, ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ამირ საიდ ირავანიმ, ბაროს განცხადებას "უსაფუძვლო და პოლიტიკურად უპასუხისმგებლო" უწოდა.
"ღია მუქარა სანქციების დაბრუნების შესახებ, რომელიც დამანგრეველ ეფექტს იქონიებს ირანის ეკონომიკაზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ იძულებას წარმოადგენს". - ნათქვამია წერილში.
მანამდე, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად იყო ევროპაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად წასულიყო.
"ირანის ურთიერთობას E3-თან უახლეს წარსულში პოზიტიური და ნეგატიური პერიოდები ჰქონდა. მოგვწონს ეს თუ არა, ახლა ურთიერთობა დაბალ დონეზეა. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ დიპლომატიას. მოსკოვთან და პეკინთან ჩემი ბოლო კონსულტაციების შემდეგ, მზად ვარ, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ვეწვიო პარიზს, ბერლინს და ლონდონს. ბურთი ახლა E3-ის მოედანზეა" – წერს არაღჩი X-ზე.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა, მეორე რაუნდი კი 19 აპრილს რომში გაიმართა.
ასევე, 2024 წლის სექტემბრიდან მოყოლებული თეირანსა და სამ ევროპულ სახელმწიფოს: საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ბირთვულ საკითხებზე არაერთი შეხვედრა შედგა. უკანასკნელი შეხვედრა მარტში გაიმართა, რომლის მთავარი განხილვის თემა პოტენციური შეთანხმება და ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა იყო.





