რეჟიმის პატიმრები

11 პირის პროცესის გახსნაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.

დაცვის მხარემ სხდომის გახსნის შუამდგომლობა დააყენა. რაც მოსამართლე გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა.

"დღეს თუ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, ამას კიდევ უფრო სადამსჯელო სახე ექნება, ვიდრე ჰქონდა ბატონი ირაკლის [შვანგირაძის] მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას" - მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა. პროკურორის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ სხდომა ისევ ამ ფორმატით უნდა გაგრძელდეს, რადგან დარბაზიდან მოსამართლეს "ემუქრებოდნენ". გალუსტაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა.

ბოლო რამდენიმე სხდომა ნახევრად დახურულ ფორმატში ჩატარდა. ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. 5 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, საქმის განმხილველი წინა მოსამართლის ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.

დღევანდელ პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული რევაზ კიკნაძე არ ესწრება. სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომებზე რევაზ კიკნაძის დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა. რაც გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა. 

რევაზ კიკნაძე სასამართლო სხდომიდან 25 მარტს გააძევეს. იქამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს უთხრა, რომ სურდა პროტესტის ნიშნად დარბაზი დაეტოვებინა, რადგან სხდომაზე ბრალდებულების ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები