რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე: თუ რომელიმე მხარე გაართულებს, უბრალოდ ხელს ავიღებთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ რუსეთი ან უკრაინა მშვიდობის მიღწევის პროცესს "ძალიან გაართულებს", აშშ "უბრალოდ ხელს აიღებს", თუმცა, ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ "ამის გაკეთება არ მოუწევთ". მანვე აღნიშნა, რომ დღეების კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს, როდესაც ადმინისტრაცია მიხვდება, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და შუამდგომლობას შეწყვეტს.

ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტის პასუხად ილაპარაკა, რომელმაც მას სთხოვა დაეზუსტებინა, რამდენ დღეში შეძლებენ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის გარკვევას. 

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია. 

"დღეების გარკვეული კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს, მაგრამ სწრაფად [უნდა მოხდეს]. გვინდა, რომ ეს დავასრულოთ. აქ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც იღუპებიან. [...] დაახლოებით საშუალოდ 2 500 ახალგაზრდა ადამიანი, ჯარისკაცი. ისინი არ არიან ამერიკიდან, არ არიან არსაიდან გარდა უკრაინისა და რუსეთისა, მაგრამ ამ სიცოცხლეების გადარჩენა გვსურს [...] და ჩვენ ამას შევაჩერებთ იდეალურ შემთხვევაში. თუ რომელიმე ამ ორი მხარიდან ამას ძალიან გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვეტყვით, თქვენ შტერები ხართ, საშინელი ადამიანები ხართ და ამაზე უბრალოდ ხელს ავიღებთ. თუმცა, იმედია, ამის გაკეთება არ მოგვიწევს, მარკო მართალია, როდესაც ამბობს, რომ ამის დასრულება გვსურს". - თქვა ტრამპმა. 

გარდა ამისა, ტრამპმა გაიმეორა, რომ, მისი აზრით, პრობლემის გადაჭრის "კარგი შანსები" აქვთ. 

კომენტარები