ტრამპის ადმინისტრაცია

NYT: ტრამპის ადმინისტრაცია სახდეპისთვის ბიუჯეტის განახევრებას განიხილავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
Kent Nishimura / Bloomberg

გამოცემა The New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შემდეგი ფინანსური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებასა და საგარეო დაფინანსების, მათ შორის, NATO-სა და გაეროს დაფინანსების თითქმის სრულად შეჩერებას განიხილავს. 

როგორც NYT წერს, მათ მიერ ნანახი საბიუჯეტო პროექტის სამუშაო დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, სამშვიდობო ძალების ოპერაციებისთვისა და საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამებისთვის, მაგალითად, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამისთვის დაფინანსების თითქმის სრულად შეჩერებას ითვალისწინებს.

როგორც NYT აღნიშნავს, უცნობია, მხარს უჭერს თუ არა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 10 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში მოცემულ შემცირებებს. გარდა ამისა, გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ ბიუჯეტი კონგრესმაც უნდა დაამტკიცოს. 

მიუხედავად ამისა, გამოცემა საქმეში ჩახედულ აშშ-ს თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი საბიუჯეტო პროექტი შემცირებების თვალსაზრისით სავარაუდოდ დიდწილად ამ დოკუმენტის მსგავსი იქნება. 

გამოცემა წერს, რომ წარსულში სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო პროგრამების შენარჩუნებაზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, დოკუმენტი ასევე ჰუმანიტარული დახმარებისა და მსოფლიო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების 50%-ზე მეტით შემცირებას ითვალისწინებს.

გამოცემის მიხედვით, საბიუჯეტო პროექტში გლობალური ჯანდაცვის პროექტებს შორის გათვალისწინებულია შიდსის სამკურნალოდ შიდსის მკურნალობისთვის პრეზიდენტის საგანგებო გეგმის ფარგლებში მიწოდებული 2.9 მილიარდი დოლარი, 687 მილიონი დოლარი ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულიოზი და მალარია, 200 მილიონი დოლარი გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის და დაავადებათა მკურნალობისა და პრევენციის დამფინანსებელი საერთაშორისო ორგანიზაცია გლობალური ფონდისთვის 800 მილიონი დოლარი, რომლიდანაც ფონდს თითო დოლარი გადაეცემა ყოველი 4 დოლარისთვის, რომელსაც სხვა დონორები მიაწვდიან. NYT წერს, რომ ყველა სხვა დანარჩენი გლობალური ჯანდაცვის პროგრამა გაუქმდება. 

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, გამოცემის თანახმად, საბიუჯეტო პროექტი სახდეპში ახალი ორგანოსთვის, ჰუმანიტარული დახმარების ბიუროსთვის 2.5 მილიარდი დოლარს, ხოლო საგანგებო მიგრაციისა და დევნილთა დახმარებისთვის 1.5 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს. 

ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ დოკუმენტი ნარკოტიკების კონტროლის პროგრამას დაფინანსებას ერთი წლით უჩერებს და ამას იმით ასაბუთებს, რომ პროგრამას დაუხარჯავი 1.4 მილიარდი დოლარი აქვს, რომელიც ამ პერიოდისთვის საკმარისი იქნება.

კომენტარები