რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა 13 აპრილს, ქალაქ სუმიში სარაკეტო იერიში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობაზე მიიტანეს.
უწყების განცხადების თანახმად, რუსეთმა ორი ისკანდერ-მ-ის ტიპის რაკეტით იერიში მიიტანა ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფ სევერსკის სამხედრო ხელმძღვანელობაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში თათბირს ატარებდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად ადგილზე დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 60 სამხედრო მოსამსახურე.
რუსული მხარე ხაზგასმით ამბობს, რომ სუმიზე იერიში "უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აქტიური წინააღმდეგობის" ფონზე განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევი მშვიდობიანი მოსახლეობის "ცოცხალ ფარად გამოყენებაში" დაადანაშაულა.
13 აპრილს რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 35 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის მხარემ ოფიციალურა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის, იური იულას სიკვდილი დაადასტურა.
სუმის დაბომბვას არაერთი დასავლეთის ლიდერი გამოეხმაურა და რუსეთი მორიგი ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
14 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "რუსეთის არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს".





