თანხის გამოძალვა

უცხოელს $150 000-ის გადაცემას მუქარით აიძულებდნენ – 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. სამივე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 დოლარის გამოძალვა განიზრახეს და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მას მუქარით თანხის გადაცემას აიძულებდნენ. ამავე მიზნით, ბრალდებულები დაზარალებულს მეგობარი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი სურათების გავრცელებით ემუქრებოდნენ". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები