ტაილანდში, ნარესუანის უნივერსიტეტის ამერიკელი ლექტორი, პოლ ჩეიმბერს მონარქიის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
ტაილანდში ქვეყნის მონარქიის მიმართ შეურაცხყოფა, ცილისწამება და მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია და 3-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ჩეიმბერსის ადვოკატის მიხედვით, ბრალდება გულისხმობს გასულ წელს, ამერიკელის მიერ ერთ-ერთი სამეცნიერო ნაშრომის ანოტაციას, რომელიც უცხო ქვეყანაში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.
2020 წელს ტაილანდში ანტისამთავრობო სტუდენტური დემონსტრაციები იმართებოდა, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა მონარქიის შეურაცხყოფის კანონის გაუქმება იყო, თუმცა პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. ტაილანდის ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის მიხედვით, 2020 წლიდან დღემდე აღნიშნული კანონით 279 პირი გაასამართლეს.
ჩეიმბერსის დაკავებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა და ტაილანდის ხელისუფლებას საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.





