ფილიპინები ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შემცირებას განიხილავს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანას და მათ შორის, ფილიპინებს ტარიფები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ფილიპინურ იმპორტზე აშშ-ს "საბაზისო", 10%-იანი ტარიფი ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილს კი, ფილიპინებს დამატებით 18%-იანი ტარიფი დაუწესდება, ჯამში 28%.
იმის შესახებ, რომ ფილიპინები ამერიკულ იმპორტზე ტარიფის შემცირებას განიხილავს, ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა ქრისტინა როქმა განაცხადა.
"ჩვენ ამის გაკეთებას მართლაც ვაპირებთ". - განაცხადა მინისტრმა რეპორტიორის შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა მთავრობა აშშ-დან შემოსულ იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების შემცირებას.
როქმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის იმპორტისთვის ან პროდუქტისთვის შემცირდება ტარიფები.
მინისტრის განცხადებით, ფილიპინები ასევე განიხილავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების ასოციაციასთან შეერთებას აშშ-ს ტარიფების საპასუხო ზომების ერთობლივად მისაღებად.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.
"საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები.





