ტრამპის ტარიფები

მასკი იმედოვნებს, რომ აშშ-სა და ევროპას შორის "თავისუფალი ეკონომიკური ზონა" შეიქმნება

SpaceX-ის, Tesla-სა და Starlink-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი
Kevin Lamarque/Pool Photo via AP

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი, ილონ მასკი, იმედოვნებს, რომ აშშ-სა და ევროპას შორის "ნულოვანი ტარიფის" სისტემა შეიქმნება, რომელიც ფაქტობრივად "თავისუფალ ეკონომიკურ ზონას" ჩამოაყალიბებს.

"ევროპა და აშშ, ორივე, ჩემი აზრით, იდეალურ შემთხვევაში, ნულოვანი ტარიფის ვითარებისკენ უნდა წავიდნენ, [რითაც] ფაქტობრივად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება". - უთხრა მასკმა იტალიის ვიცეპრემიერს, მატეო სალვინის.

ფლორენციაში ვიდეო მიმართვისას მასკმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის უფრო მეტი პარტნიორობა იქნება, ხოლო აშშ-ში ან ევროპაში მუშაობის მსურველებს უფრო თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება.

"რა თქმა უნდა, ჩემგან ეს რჩევა იყო პრეზიდენტის მიმართ". - თქვა მასკმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ტარიფებს გულისხმობდა თუ თავისუფალ მიმოსვლას, ან ორივეს.

ამავდროულად, შაბათს მასკმა ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავარო, X-ზე მწვავედ გააკრიტიკა.

მასკი X-ზე ტარიფების საკითხზე დებატებში ჩაერთო და ერთ-ერთ მომხმარებელს გამოეხმაურა, რომელმაც ადმინისტრაციის საკამათო ფიგურა, პიტერ ნავარო, ტარიფების საკითხში გამოცდილ სპეციალისტად დაახასიათა. მომხმარებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნავაროს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი აქვს.

აღნიშნულ მოსაზრებას მასკი არ დაეთანხმა და დაწერა, რომ "ჰარვარდიდან ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ცუდი რამაა, და არა - კარგი" და მიანიშნა, რომ ეს უფრო მეტი ეგოს პრობლემას იწვევს, ვიდრე - მეტი ტვინის.

ვაჭრობაზე ნავაროს პოზიცია კიდევ ერთმა მომხმარებელმა დაიცვა, რაზეც მასკმა დაამატა, რომ ტრამპის მრჩეველს "არაფერი აუშენებია".

კომენტარები