აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აქვეყნებს იემენელ ჰუსიტებზე სარაკეტო იერიშის ამსახველ ვიდეოს.
"ეს ჰუსიტები თავდასხმისთვის მითითების მისაღებად შეიკრიბნენ. უპს, ისინი თავს ვერ დაგვესხმებიან. ვეღარასდროს ჩაძირავენ ჩვენ გემებს!" – წერს ტრამპი
4 მარტს ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება კვლავ დააბრუნა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში, რითაც მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.
ირანის მხარდაჭერით ჰუსიტები 2023 წლის ნოემბრიდან ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ჰუსიტები ისრაელს მტრად მიიჩნევენ - უთქვამთ, რომ ისინი გემებს პალესტინელების მხარდაჭერისთვის ესხმიან თავს, ხოლო მათი სამიზნე მხოლოდ ის გემებია, რომლებიც ისრაელთან, აშშ-სთან ან გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2023 წლიდან ჰუსიტების სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარან.





