ICC

ნეთანიაჰუს ვიზიტის ფონზე ორბანის მთავრობამ ICC-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

3 აპრილს, უნგრეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გულიაშმა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-სთან საუბარში განაცხადა.  

ორბანის მთავრობამ ეს ნაბიჯი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ ICC-ის მიერ მის წინააღმდეგ გაცემულია დაკავების ორდერი, რომლიც ICC-ის წესდების, რომის სტატუტის ხელმწომერ ქვეყნებს ავალდებულებს ის დააკავონ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედიოდა უნგრეთიც.

სავარაუდოდ, უნგრეთის პარლამენტი, სადაც ორბანის პარტიას აქვს უმრავლესობა, დაამტკიცებს კანონპროექტს, რომელიც ICC-დან გასვლის ერთწლიანი პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

ეს ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია ევროპაში მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ გასულ წელს მას ღაზის სექტორში ომის დანაშაულებში დასდო ბრალი.

2 აპრილს, Times of Israel-მა ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, უნგრეთი ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს ICC-ის დატოვებას გამოცხადებდა.

ორბანმა ნოემბერში ნეთანიაჰუს დაკავების თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უარყო და ის ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და განაცხადა რომ მას შეეძლო უნგრეთში დაპატიმრების შიშის გარეშე ჩასულიყო.

კომენტარები