საქართველო-ავსტრია

ბოჭორიშვილი ავსტრიის საგარეო მინისტრზე: ვალდებულია, განცხადებაში ბრიუსელის გზავნილი ასახოს

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის ეთერში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან შეხვედრას იხსენებს.

ბოჭორიშვილის მტკიცებით, შეხვედრა "ძალიან კარგი და პოზიტიური" იყო, მაგრამ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კრიტიკული განცხადების გაკეთება მოუწია, რადგან "ვალდებულია ბრიუსელის გზავნილი გააჟღეროს".

"ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა იყო საკმაოდ კარგი, ძალიან პოზიტიური, ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებ, თუ რა ვალდებულებები აქვს ერთგვარად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს, როდესაც ისინი ერთგვარად ვალდებულები არიან ბრიუსელის გზავნილი ასახონ საკუთარ გზავნილებში და ასეც მოხდა, ასეც ველოდით, რომ იქნებოდა. ერთი იყო შეხვედრა, ის, რაზეც ვისაუბრეთ და მეორე იყო გზავნილი, რომელიც ვალდებული არიან რომ გაჟღერდეს". - ამბობს ბოჭორიშვილი.

მაკა ბოჭორიშვილი, ავსტრიაში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს 27 მარტს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ქართულმა და ავსტრიულმა მხარემ განსხვავებული განცხადებები გაავრცელეს.

ბოჭორიშვილის უწყება წერდა, რომ "ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს". ასევე, "ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კვლავაც დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი".

რაც შეეხება ავსტირულ მხარეს, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ავსტრია მზადაა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას მხარი დაუჭიროს, "თუკი ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ კურსს".

"ჩემს ქართველ კოლეგას მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები - პასუხისგებაში მიცემული". - თქვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები