ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

კაია კალასი და მარტა კოსი ქართული ოცნების მიერ მიღებულ ახალ კანონებს გამოეხმაურნენ

ივანიშვილის რეჟიმის მიერ ახალი კანონების მიღებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ერთობლივი განცხადებით გამოემხაურნენ.

"ახალი კანონმდებლობა, მათ შორის "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი" და "მაუწყებლობის შესახებ კანონი", რომელიც პარლამენტმა სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღო, ხელისუფლებას დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და რეპრესიული პოლიტიკის გასამკაცრებლად". - ნათქვამია განცხადებაში.

კალასის და კოსის თქმით, ეს კანონები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას, დამოუკიდებელ მედიასა და ადამიანის უფლებებს. 

"ეს ნაბიჯები კიდევ უფრო ასუსტებს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. ასეთი ქმედებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით". - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ევროკომისრების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი კანონები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

"ქართველი ხალხის უზარმაზარი უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინოს შეუქცევადი ერთგულება ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.

ეს მოითხოვს მოქალაქეებზე ძალადობის შეწყვეტას, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციას და სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან შინაარსიან დიალოგში ჩართვას, რათა კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს". - აცხადებენ კაია კალასი და მარტა კოსი.

მათი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება სრულად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია.

კომენტარები