28 მარტის საღამოს რუსეთმა უკრაინაში ქალაქ დნეპრზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს. ცნობები ადგილობრივ ტელეგრამ-არხებშიც ვრცელდება.
უახლესი ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა, სულ მცირე, 15 ადამიანი.
"დნეპრში აფეთქებები ისმის. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ სექტორში არის დაზიანებები. ყველა ინფორმაცია ზუსტდება". - წერდა ლისაკი.
მოგვიანებით, ლისაკმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ იერიშების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მისივე ცნობით, ხანძრები სარესტორნო კომპლექსში, მრავალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლებში გაჩნდა.
ლისაკის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული 27 წლის ორსული ქალია, დაშავებულთაგან ორი კი 69 წლის კაცი და ქალი არიან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.





