სერბეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრ ვულინის თქმით, მოსკოვში 9 მაისის აღლუმში სერბეთის გვარდიის საპატიო ყარაული მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ ვულინმა რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-სთან ილაპარაკა.
"პრეზიდენტი [ვუჩიჩი] ჩამოდის, ეს ეჭვგარეშეა, ის დელეგაციას უხელმძღვანელებს. კიდევ ვის დაპატიჟებენ, ეს ჯერ არ ვიცი, თუმცა თუ მე მიმიწვევენ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოვალ. ეს ნამდვილად ასეა. ასევე იქნება სერბეთის გვარდიის საპატიო ყარაული. მაშინ ისტორიის სწორ მხარეს ვიდექით, რატომ არ უნდა დავდგეთ ახლაც?" - თქვა ვულინმა.
მანამდე, 22 მარტს სერბეთის უპორტფელო მინისტრმა, ნენად პოპოვიჩმა, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე არის პასუხისმგებელი, თქვა, რომ რუსეთში 9 მაისის აღლუმში სერბი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.
7 მარტს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩასვლასა და გამარჯვების აღლუმზე დასწრებას გეგმავს.
ცნობისთვის, აქამდე იაპონურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალებიც მიიღებს.
რუსეთში ყოველწლიურად 9 მაისს იმართება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვება აღმნიშვნელი აღლუმი.





