მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ოქტომბერში რუსეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე მონაწილეობას ვერ შეძლებს. ის ბლოკის ლიდერების შეკრებაზე ვლადიმირ პუტინმა მიიწვია.
"იმ დროს ველოდებით მნიშვნელოვან სტუმრებს უცხოეთიდან". - უთხრა ვუჩიჩმა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს 5 სექტემბერს.
BRICS-ის სამიტი რუსეთში, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
პუტინის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, ის იმედოვნებდა, რომ ვუჩიჩი მიიღებდა სამიტზე მის მოწვევას, რომელიც სერბეთის პრეზიდენტს "10-12 დღის წინ" გაეგზავნა.
5 სექტემბერს, ვუჩიჩის კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროკავშირმა გააფრთხილა სერბეთი, რომ რუსეთთან ძლიერი კავშირების შენარჩუნება "შეუთავსებელია" მის მისწრაფებასთან, გახდეს ბლოკის წევრი. ევროკავშირის განცხადება მოჰყვა სერბეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდარ ვულინის კომენტარს, რომელმაც ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყანას "რუსეთის მოკავშირე" უწოდა
სერბეთს ისტორიულად მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. მიუხედავად იმისა, რომ გაეროში გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ბელგრადმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.





