აშშ

აშშ-ში ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში 2 პირი ცნეს დამნაშავედ, 1 საქართველოს მოქალაქეა

მასიჰ ალინეჟადი

ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჟადის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვაში ორი ადამიანი ცნეს დამნაშავედ, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამსაათიანი განხილვის შემდეგ რაფათ ამიროვი და საქართველოს მოქალაქე, ფოლად ომაროვი 2022 წლის ივნისში ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასა და ფულის გათეთრებაში ცნო დამნაშავედ.

პროკურორების თქმით, ირანელი ქალებისთვის თავსაბურავის სავალდებულო ტარების საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყების გამო ალინეჟადის მკვლელობა ირანის მთავრობამ დააფინანსა.

ირანმა ბრალდებები "სასაცილოდ და უსაფუძვლოდ" შეაფასა.

პროკურორების მტკიცებით, ირანმა წლების განმავლობაში ალინეჟადის დაშინება და გაჩუმება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის 2021 წელს მისი გატაცების წარუმატებელი მცდელობით, რის შედეგადაც ირანის დაზვერვის 4 თანამშრომელი დააკავეს.

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, გატაცების მცდელობის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტის მკვლელობაზე 500 000 დოლარის გასამრჯელო გამოაცხადეს.

"ვიტირე, ვიცინე, ვიცეკვე კიდეც, რადგან დღევანდელი დღე მხოლოდ ჩემი გადარჩენის დღე არ არის. ეს იმ რეჟიმის დამარცხებისა და დამცირების დღეა, რომელიც ფიქრობს, რომ კრიტიკოსების გაჩუმება ტყვიებით შეუძლია". - განაცხადა ალინეჟადმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. 

"ისინი დამარცხდნენ. მე ისევ აქ ვარ და ვაგრძელებ ბრძოლას, სანამ რეჟიმის ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს." - თქვა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, ალინეჟადმა ირანი 2009 წელს დატოვა და Voice of America-სთვის მუშაობდა.

2024 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქე, ფოლად ომაროვი ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა. ის აშშ-ს ხელისუფლებას პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტში 21 თებერვლის დილას გადასცეს. ომაროვი ჩეხეთში 2023 წლის იანვარში დააკავეს. ის აშშ-ს მას შემდეგ გადასცეს, რაც ჩეხეთში ეჭვმიტანილს ბრალდების გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა ამოეწურა.

ნიუ-იორკის ფედერალური ბრალდების მიხედვით, ომაროვი და მისი სამი თანამზრახველი ე.წ. კანონიერი ქურდები იყვნენ. ამავე ცნობით, ამ ე.წ. კანონიერ ქურდებს კავშირი ჰქონდათ ირანთან და დავალებული ჰქონდათ მოეკლათ ირანული წარმოშობის ამერიკელი აქტივისტი, მასიჰ ალინეჯადი.

თავდაპირველად, 2021 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ირანის მიერ მართული პირები მასიჰ ალინეჯადის გატაცებასა და მკვლელობას აპირებდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი ედებოდა 5 პირს, აქედან 4, რომლებიც ირანის სპეცსამსახურების მიერ მართულ პირებად არიან ნახსენები, ზემოხსენებული ადამიანები არიან. მეხუთე პირი კი უშუალოდ ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.

კომენტარები