რუსული რეჟიმი

SJC სახის ამომცნობი კამერების მოქალაქეების დაჯარიმებისთვის გამოყენების უკანონობაზე იდავებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მოქალაქეების დაჯარიმების მიზნით გამოყენების უკანონობაზე სასამართლოში იდავებს.

SJC-ის ცნობით, უწყვეტი აქციების ფონზე, ქართული ოცნება დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს გაძლიერებული ვიდეომონიტორინგის მექანიზმსა და სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, განსაკუთრებულად გასული წლის დეკემბრიდან, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რეპრესიული ცვლილებები შევიდა და არსებითად გაიზარდა ჯარიმების ოდენობა საპროტესტო აქციების ფარგლებში ხშირად გამოყენებული სამართალდარღვევების, მათ შორის, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის.

ცენტრი წერს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრების მონაწილეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით სახის ამომცნობი კამერების განთავსება "პერსონალურ მონაცემთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რამდენიმე ძირითად პრინციპს არღვევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული რამდენიმე პირის სახელით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს და წარმოების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს, განცხადების წარდგენისთვის გამოიყენონ მოცემულ ლინკზე თანდართული შაბლონი.

კომენტარები