აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ ირანმა ვერასოდეს შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება და ამით რეგიონის უფრო მეტად დესტაბილიზაცია.
ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ვალდებულება დაიცვას ისრაელი არის მტკიცე და არ ექვემდებარება განხილვებს.
გარდა ამისა, ენტონი ბლინკენის განმარტებით, ირანი ისრაელს რუკიდან წაშლით რეგულარულად ემუქრება და ამით მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
"ის [ირანი] ახორციელებს აგრესიას... მათ შორის, რუსეთის ძალებისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემით, რომლებიც გამოიყენება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და მათი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. სანაცვლოდ კი რუსეთი ირანს იარაღს აწვდის". - აღნიშნა ბლინკენმა.
გარდა ამისა, როგორც ბლინკენმა თქვა, ირანი ვერ მოიპოვებს ბირთვულ იარაღს და ამ მხრივ ვაშინგტონი მზადაა გამოიყენოს დიპლომატიური გზა ეკონომიკურ ზეწოლასა და შეკავებასთან ერთად.
"თუ ირანი უარს იტყვის დიპლომატიურ კურსზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, ყველა ვარიანტი განიხილება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება". - თქვა ბლინკენმა.