ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის თქმით, ირანი არ დათანხმდება აშშ-სთან მოლაპარაკებებს მანამ, სანამ მას ემუქრებიან.
"მიუღებელია ჩვენთვის, რომ ისინი [აშშ] ბრძანებებს იძლევიან და გვემუქრებიან. თქვენთან მოლაპარაკებებს არც კი ვაპირებ. რაც გინდათ, ის გააკეთეთ" – ამბობს ირანის პრეზიდენტი ირანულ მედიასთან.
7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
„[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ“ - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით და შეთანხმების მიღწევით.