გაეროში ირანის მისიამ X-ზე გავრცელებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანი განიხილავს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის ბირთვული პროგრამის პოტენციურ მილიტარიზაციაზე არსებულ შიშებთან დაკავშირებით.
"თუ მოლაპარაკებების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის პოტენციურ მილიტარიზაციასთან მიმართებით არსებული შიშების განხილვა იქნება, მსგავსი დისკუსიები შესაძლოა, განხილვის საგანი გახდეს". - დაწერა მისიამ პოსტში, თუმცა, დაამატეს, რომ "თუკი მიზანი ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის დაშლა იქნება... მსგავსი მოლაპარაკებები არასდროს შედგება".
ირანული მხარის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც წინა დღით ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ირანი აშშ-ს "ჩაგვრის" ქვეშ მოლაპარაკებებს არ გამართავს.
7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
„[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ“ - აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, ირანმა უარყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თქვა, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების პერსპექტივას გამორიცხავს მანამ, სანამ ვაშინგტონის სანქციები თეირანზე ძალაში რჩება.
ამას გარდა, დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ირანთან მიდგომა ორნაირად შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით. მირჩევნია, რომ შეთანხმება დავდოთ, რადგან ირანისთვის ტკივილის მიყენებას არ ვცდილობ".





