16 მარტს თეთრმა სახლმა ამერიკის ხმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას "რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადამხდელთა ფული აღარ დაიხარჯოს რადიკალური პროპაგანდის დაფინანსებაში".
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილია ამერიკის ხმის მიმართ უკანასკნელ წლებში გამოთქმული პრეტენზიები, მათ შორის, მოყვანილია სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან შეგროვილი ციტატები, რომლებიც VOA-ს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ VOA-ში 34 წლის განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტმა და მისმა ყოფილმა თეთრი სახლის კორესპოდნენტმა გასულ წელს დაწერეს, რომ სააგენტო უკონტროლო ორგანიზაციად გადაიქცა, "რომელიც ხშირად გამოხატავს მემარცხენე მიკერძოებულობას და ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას როგორც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევებზე, ისე მენეჯმენტის პრობლემებზე":
"სააგენტოს ბიუროკრატიის საქმიანობას მის ბევრ რეპორტიორთან ერთად ვაკვირდებოდი და დავასკვენი, რომ იგი ფაქტობრივად გადაიქცა უკონტროლო ორგანიზაციად, რომელიც ხშირად გამოხატავს მემარცხენე მიკერძოებულობას და ემთხვევა პარტიული მედიის ხაზს. სააგენტო ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, როგორც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევებზე, ისე მენეჯმენტის პრობლემებზე". - მოყვანილია დენ რობინსონის ციტატა.
ამასთან, განცხადების თანახმად, VOA-ს ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უთხრა, რომ ჰამასისა და მისი წევრების ტერორისტებად მოხსენიება დაუშვებელია, გარდა განცხადებების ციტირებისა.
გარდა ამისა, Daily Caller-ის ცნობით, ბევრმა VOA-ს რეპორტიორმა სოციალური ქსელების თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე არაერთხელ გამოაქვეყნა ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტი, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს სოციალური მედიის პოლიტიკა თანამშრომლებისგან მიუკერძოებლობას მოითხოვს.
ასევე, თეთრი სახლის ცნობით, კონგრესმენმა სკოტ პერიმ 2022 წელს წერილში აღნიშნა, რომ Voice of America ბოლო წლებში ზედმეტად მიკერძოებული გახდა. 2016 წლის პერსონალის მენეჯმენტის ოფისის ანგარიშის მიხედვით, რომელიც კონგრესმენმა პერიმ მოიხსენია, Voice of America-ს სპარსული სამსახურის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ "სააგენტო უშვებდა პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის ზეწოლას".
ამასთან, 2019 წლის სექტემბერში Daily Caller-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ VOA-მ სამსახურში რუსი, ანტიამერიკელი პროპაგანდისტი აიყვანა.
განცხადებაში ასევე მოყვანილია 2022 წლის სასამართლოს სარჩელი, რომლის მიხედვითდაც, VOA-ში "ანტიამერიკულმა და პრო-ისლამური სახელმწიფოს ინტერესებმა შეაღწიეს, რის შედეგადაც VOA-ს გზავნილი დამახინჯდა და ირანში ისლამური სახელმწიფოს ფრაქციების მიმართ მიკერძოებული გახდა".
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).