რუსეთის ომის დანაშაულები

ფინეთის სასამართლომ რუს ნეონაცისტს ომის დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფი რუსიჩის ლიდერი იან პეტროვსკი

ჰელსინკის საოლქო სასამართლომ რუს ნეონაცისტ დაქირავებულ მებრძოლ იან პეტროვსკის (ასევე ცნობილი, როგორც ვოისლავ ტორდენი) უკრაინაში 2014 წელს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას Le Monde ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს

ფინეთის სასამართლომ პეტროვსკი აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქში ჩადენილი 4 სხვადასხვა ომის დანაშაულში დამნაშავედ ცნო. პეტროვსკი დივერსიული სამხედრო ჯგუფი, რუსიჩის მეთაური იყო. 

პროკურორმა სასამართლოში ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორ გასცემდა ბრძანებებს ან თავად მონაწილეობდა პეტროვსკი უკრაინელი სამხედროების დახოცვაში. რუსიჩის ჯგუფი თავად იწერდა და აქვეყნებდა საკუთარი ომის დანაშაულების, მათ შორის, წამებისა და მკვლელობის ამსახველ მასალას. 

პეტროვსკი, იგივე პეტროვსკი, ყოველ ბრალდებას უარყოფდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ვიდეო-ჩანაწერები საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა ომის დანაშაულებში პეტროვსკის მონაწილეობის დასადასტურებლად. 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ფინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას "საეთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებში დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგელობის დაკისრების საკვანძო მომენტი" უწოდა. 

"უკრაინა ერთგული რჩება, იმუშაოს პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ დარჩნენ ომის დამნაშავეები დაუსჯელი". - წერია უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებაში. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში პეტროვსკი ფინეთის სასაზღვრო პოლიციამ ჰელსინკის აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს დააკავა. რუსი ნეონაცისტი 2022 წლიდან ევროკავშირის მიერ იყო სანქცირებული და ფინეთში შესვლა ეკრძალებოდა. 

უკრაინას პეტროვსკის ექსტრადიცია სურდა, თუმცა ეს მოთხოვნა ფინეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო. როგორც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერა, არსებობდა საფრთხე, რომ უკრაინაში პეტროვსკის წინააღმდეგ უსამართლო პროცესი ეწარმოებინათ ან ციხეში არაადამიანურად მოპყრობოდნენ. 

კომენტარები