სირია

სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციას მოაწერა ხელი

აჰმედ ალ-შარაა
AP Photo/Omar Albam

სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ 13 მარტს სირიის დროებითი კონსტიტუციის მიღებას მოაწერა ხელი. კონსტიტუცია გარდამავალ პერიოდში, 5 წლის განმავლობაში იქნება ძალაში. 

დოკუმენტის თანახმად, წინა კონსტიტუციის მსგავსად, პრეზიდენტის რელიგია ისლამია, ხოლო ისლამური იურისპრუდენცია "კანონმდებლობის მთავარი წყაროა". 

გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციაში დასახულია ძალთა განაწილება და სამართლებრივი დამოუკიდებლობა. დოკუმენტის მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება ქალთა უფლებების დაცვა და გამოხატვისა და პრესის თავისუფლებებიც. 

"ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი ისტორია იქნება სირიისთვის, სადაც ჩვენ ჩაგვრას სამართლით ვანაცვლებთ". - თქვა ალ-შარაამ. 

BBC-ის ცნობით, სირიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გეირ პედერსენმა თქვა, რომ იგი მიესალმება გარდამავალი კონსტიტუციის მიღებას, "ნაბიჯს კანონის უზენაესობის აღდგენის მიმართულებით" და აღნიშნა, რომ "ეს განვითარება პოტენციურად შეავსებს მნიშვნელოვან სამართლებრივ ვაკუუმს". 

თუმცა, კონსტიტუციური დეკლარაცია გააკრიტიკა ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში მოქმედმა ადმინისტრაციას ქურთების ხელმძღვანელობით. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დოკუმენტი "ეწინააღმდეგება სირიის რეალობასა და მის მრავალფეროვნებას". 

ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა. 

სირიის ახალ რეჟიმს მთლიანი ქვეყნის კონტროლი კვლავაც უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ სირიელები დადებითად შეხვდნენ ალ-ასადის ოჯახის 50-წლიანი დიქტატორული მმართველობის დასრულებას, ქვეყნის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები ახალ ხელისუფლებას სკეპტიკურად უყურებენ. 

6 მარტს ახალი რეჟიმის ძალებსა და ასადის ლოიალისტებს შორის დაწყებული სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მონაცემებით, რამდენიმე დღის განმავლობაში 1500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 1068 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახალი რეჟიმის ლოიალისტ შეიარაღებულ ჯგუფებს ასადის მხარდამჭერი ალავიტების შურისძიების მოტივით ხოცვაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები