რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის მოხალისეობრივი ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ები, ბორისპილის საერთაშორისო აეროპორტი, უკრაინა
AP Photo/Efrem Lukatsky

ევროკავშირი ინიციატივით გამოდის, ბლოკში შეიქმნას მოხალისეობრივი ფონდი, რომელიც უკრაინას 20-დან 40 მილიარდ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, მათ შორის, 2 მილიონ საბრძოლო ვაზნას. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ფონდში თანხების გადარიცხვა მოხალისეობრივი იქნება, რაც ბლოკს საშუალებას მისცემს, შემდგომ სამხედრო დახმარებაზე უნგრეთის შესაძლო ვეტოს გვერდი აუაროს. 

როგორც Euractiv წერს, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი გამუდმებით უარს ამბობს უკრაინის სამხედრო თუ ფინანსური დახმარების ძალისხმევის მხარდაჭერაზე, ევროკავშირის შეთავაზება "მონაწილე წევრ ქვეყნებზეა" გათვლილი. 

ინიციატივის ტექსტში, რომელზეც გამოცემამ მოიპოვა წვდომა, აღნიშნულია, რომ "ქვეყნებს შეუძლიათ, 2025 წელს, სულ მცირე, 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნონ უკრაინას, რამაც უკრაინის საჭიროებებისთვის 40 მილიარდი ევროს შეიძლება მიაღწიოს". 

ტექსტის მიხედვით, პირველი ეტაპის ფარგლებში, ლიდერები 2025 წლისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე უნდა შეთანხმდნენ, მათ შორის, 2 მილიონ მაღალკალიბრიან საარტილერიო საბრძოლო ვაზნის. 

ინიციატივაში ყოველი ქვეყანა საკუთარი ეკონომიკური წონის შესაბამისად მიიღებდა მონაწილეობას, ფონდის თანხებით ან პირდაპირ საბრძოლო მასალებით მომარაგების გზით. თვითონ ევროკავშირი ფონდში საკუთარ კონტრიბუციას გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტის, დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს სახით განახორციელებდა. 

Euractiv-ის ცნობით, ინიციატივის მიხედვით, პრიორიტეტი მაღალკალიბრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები, ავიაგამანადგურებლები და ამასთან, ნებისმიერი სახის დახმარება იქნება, რომელიც უკრაინული ბრიგადების აღდგენას დაეხმარება. 

გამოცემის ცნობითვე, ინიციატივის ტექსტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 მარტის შეხვედრაზე მიიღეს. მოხალისეობრივ ფონდში მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა ბლოკის წევრ ქვეყნებს 30 აპრილამდე შეეძლებათ. 

კომენტარები