ირანი-რუსეთი-ჩინეთი

ტრამპის თქმით, არ ღელავს რუსეთის, ჩინეთისა და ირანის წვრთნებზე, რადგან აშშ უფრო ძლიერია

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, 2025 წლის 4 მარტი.
Win McNamee/Pool/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა 9 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი მორიგ ერთობლივ წვრთნებს უახლოეს კვირებში ჩაატარებენ. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აღელვებდა თუ არა მას ფაქტი, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავდნენ, ტრამპმა უპასუხა, რომ "საერთოდ არა". 

"საერთოდ არ ვღელავ [რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ერთობლივ წვრთნებზე]. ჩვენ ყველა მათგანზე ძლიერები ვართ, ყველა მათგანზე მეტი ძალა გვაქვს". - თქვა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე. 

ცნობისთვის, გუშინ, 9 მარტს ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საზღვაო ძალები ინდოეთის ოკეანეში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

წვრთნები ომანის ყურის აკვატორიაში, ირანის ჩაბახარის პორტთან ახლოს, მიმდინარე წლის მარტში გაიმართება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, წვრთნები "სამი ქვეყნის ნდობისა და პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება".

ინფორმაციას ადასტურებს ირანული მედია Mehr, როგორც გამოცემა წერს წვრთნები 11 მარტს გაიმართება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სამი ქვეყნის წვრთნები პირველად არ ტარდება. რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნა 2019, 2022, 2023 და 2024 წლებშიც ჩატარდა.

კომენტარები