პეკინში ჩინელი, ირანელი და რუსი დიპლომატები შეიკრიბნენ, რათა თეირანის ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები გამართონ. ინფორმაციას Reuters ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინური სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ესწრებიან ჩინეთის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრი მა ჭაოსიუ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კაზემ ღარიბაბადი.
მანამდე, 11 მარტს ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დათანხმდება აშშ-სთან მოლაპარაკებებს მანამ, სანამ მას ემუქრებიან.
"მიუღებელია ჩვენთვის, რომ ისინი [აშშ] ბრძანებებს იძლევიან და გვემუქრებიან. თქვენთან მოლაპარაკებებს არც კი ვაპირებ. რაც გინდათ, ის გააკეთეთ" - თქვა ირანის პრეზიდენტი ირანულ მედიასთან.
7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
2015 წელს ირანმა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმება დადო, რომ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
თუმცა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა.
"[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ" - თქვა ტრამპმა 7 მარტის ინტერვიუში.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით და შეთანხმების მიღწევით.





