რუსული რეჟიმი

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა

ტაბულა

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა და უცხოეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს.  

ამის შესახებ რამიშვილმა TV ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. 

რამიშვილმა ინტერვიუ მედიას 28 თებერვალს მისცა, 2 მარტს დილით კი ქვეყნიდან გაფრინდა. 

"ვტოვებ იმიტომ, რომ მე აქ უბრალოდ არანაირი საშუალება არ მექნება, არამარტო ჩემი თავი დავიცვა, არამედ ის ადამიანები დავიცვა, ვის ინტერესებსაც მე დღესაც ვიცავ და პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, მე სადაც არ უნდა ვიყო, სანამ ცოცხალი ვიქნები, არსებობს ტექნოლოგია, იქიდან ჩავერთვები და სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, დასაშვები, ყველგან ჩართული ვიქნები [...] შეიძლება საქართველოში არ ვიყო, მაგრამ იქიდან დავიცავ. 

ალბათ ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან და არა როგორც ტურისტი, არამედ [როგორც] ადამიანი, რომელიც მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს იმიტომ, რომ მე სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა". - თქვა რამიშვილმა. 

ადვოკატის თქმით, ის "კანდიდატია", რომ მზია ამაღლობელისა და სხვა სინდისის პატიმრების გვერდით ციხეში აღმოჩნდეს. რამიშვილი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაპატიმრება მისი სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს. 

"მხარდაჭერას ვუცხადებ მზია ამაღლობელს და მხარდაჭერას ვუცხადებ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს სინდისის პატიმრები არიან და არიან უკანონო პატიმრობაში. ჩემი ნება რომ იყოს და ჩემი ჯანმრთელობა რომ მაძლევდეს საშუალებას, მე მათ გვერდით ვიქნებოდი და, შესაბამისად, დღეს კანდიდატი ვარ, რომ შეიძლება მათ გვერდით აღმოვჩნდე მეც, რაც ჩემი სიცოცხლისთვის არის ძალიან საფრთხის შემცველი ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე". - თქვა რამიშვილმა. 

რამიშვილი ამბობს, რომ რეჟიმი მას 2019 წელს ნაყიდ სახლთან დაკავშირებით აღძრულ სამოქალაქო საქმეზე დაკავებით ემუქრება. ადვოკატის თქმით, სახლი კეთილსინდისიერად შეიძინა, თუმცა მის წინააღმდეგ დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა.

მომჩივანი მხარე რამიშვილს ედავება, რომ მან ამჟამად გარდაცვლილ ბინის მფლობელის ხელმოწერა იძულებით მოიპოვა, რასაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც ადასტურებს. თუმცა, ადვოკატის თქმით, მას დაუკავშირდა კერძო ექსპერტი, რომელმაც უთხრა, რომ საქმესთან დაკავშირებით დასკვნის გაყალბება სთხოვეს. 

რამიშვილი ამბობს, რომ მან დიდი რაოდენობით აუდიო და ვიდეომასალა გადასცა გამოძიებას, რაც მის წინააღმდეგ დასკვნის გამოტანას ართულებს.

"ერთ-ერთი ფაქტი იყო, რომ მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად 2019 წელს, როცა შევიძინე სახლი, გარკვეული წლების შემდეგ დაიწყეს ამ სახლის გარკვეული ძიება, რომ აღმოეჩინათ ისეთი რამ, რაც მათ მისცემდათ საშუალებას, რომ [...] ჩემ წინააღმდეგ დამდგარიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. [...]

ეს [მტკიცებულება] არის ერთადერთი ხელწერილი და იურიდიული მომსახურების კონტრაქტი, სადაც თითქოს ხელმოწერა ძალდატანებით არის გაკეთებული თუ დაწოლით. [...] ჩატარებულია ექსპერტიზა სამხარაულში, მანამდე იყვნენ ერთ-ერთ კერძო ექსპერტთან მისული. მე იმ ექსპერტისგან ვიცი, რომ მან უარი უთხრა, რაც მათ მოითხოვეს და ჩემთვის უკვე ცნობილია, რომ მოითხოვეს ის, რა პასუხიც მიიღეს სამხარაულიდან. 

აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი, ასე რომ ვთქვათ, "კოზირი" გამოძიებისთვის, რომ ამაში მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ნახეს, რომ მიშა რამიშვილმა თითქოს რაღაცა გააყალბა, მაგრამ [...] მე იმდენი აუდიოჩანაწერი და ვიდეოჩანაწერი მივაწოდე გამოძიებას, რომ უკვე ფიქრია იმის თაობაზე, როგორ რა გააკეთონ, მაგრამ მე პირადად ვიცი, რომ, რაც არ უნდა დავუდო, სულ რომ მკვდარი გავაცოცხლო და მოვიყვანო... იმიტომ ვტოვებ მე საქართველოს, რომ ძლივს ჩაუვარდათ შანსი, რომ ადვოკატთა კორპუსის გაშავება ჩემით დაიწყონ". - თქვა რამიშვილმა. 

რამიშვილის თქმით, რეჟიმს მისი დაკავებით ადვოკატთა კორპუსის რეპუტაციის შელახვა და განადგურება სურს. 

"მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ერთადერთი ინსტიტუტია დღეს ადვოკატთა კორპუსი და ამ ადვოკატთა კორპუსის გარკვეული ჯგუფი, რომელზეც ვერანაირი ზეწოლა ვერ განახორციელა ე.წ. ხელისუფლებამ, ვერანაირად. ვართ გარკვეული ჯგუფი, რომელიც 24 საათი აქციაზე ვიმყოფებით, 24 საათი ვიცავთ იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც თავიანთი უფლებების დაცვას, დემოკრატიასა და თავისუფლებას ითხოვენ. შესაბამისად, ეს ჯგუფი არის, რომლის განადგურებასაც აპირებს დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება და იწყებენ ჩემით". - თქვა რამიშვილმა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ადვოკატთა კორპუსს და მის ხელმძღვანელს, დავით ასათიანს მიმართავს თხოვნით, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ჯგუფი გამოყონ და საკითხი გამოიკვლიონ და დაადგინონ, რამდენად საფუძვლიანია გამოძიების მტკიცებულებები. რამიშვილის თქმით, მისი სახელის შელახვა ორგანიზაციისთვის დამაზიანებელი იქნება. 

"იძულებული ვარ, დავტოვო მე საქართველო და წავიდე საქართველოდან, მაგრამ ერთი პირობით მივდივარ - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და ხელმძღვანელობას წერილობითად ვწერ და საჯაროდაც ვეუბნები, კეთილი ინებონ, ჩვენს პრესტიჟზე არის ლაპარაკი, ჰო, იმიტომ, რომ მე ნამდვილად არ მინდა ადვოკატთა ასოციაციაში ვინმე იყოს ისეთი სახელის მატარებელი, რომ თითქოს რაღაცა დოკუმენტაციასთან არასამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა. [...]

მე პირდაპირ მივმართავ ადვოკატთა კორპუსის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ასათიანს და ყველას, გამოყონ ჯგუფი. ამ საქმეში მყავს მე ჩემი ყოფილი სტაჟიორი, დღეს ჩემი კოლეგაა, ამ საქმეში არის ჩართული, ადვოკატი ლევან ყველაშვილი. მათთან კარგად მოიკვლიონ, გამოძიებას რა მტკიცებულებები აქვს და თუ სამართლიანობაზე არის საუბარი და არა იმაზე, მე როგორ მომიშორონ, გამოიტანონ სამართლიანი გადაწყვეტილება და შეწყვიტონ ეს თითიდან გამოწოვილი რაღაც იდიოტიზმი". - თქვა რამიშვილმა. 

კომენტარები