ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ პროკურატურას მიმართა. ანდღულაძე უწყებისგან დაზარალებულად ცნობას და დაცვის დანიშვნას ითხოვს.
"ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ მე თურმე იმიტომ დამესხნენ თავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ვუწოდე რუსები, რაც აბსოლუტური ტყუილია. ეს უკვე ჩემი სიცოცხლის საკითხს ეხება, მოვითხოვთ საჩივარში, რომ მე მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა, იმიტომ რომ მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არამარტო საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული.
მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, ყველა თითქოს მომართულია, რომ დამაკლდა მე, კიდე უფრო მეტი უნდა ყოფილიყო და რეალურად გამოვიდა, რომ კმაყოფილები არ დარჩნენ ადამიანები, ვისაც არ ვიცი, როგორი უნდოდა ვენახე. თითქოს რაღაც შემზადება მიდის, რომ უნდა მოხდეს, რაღაც ფატალური. სანამ ფატალური მოხდება იქამდე თუ არ ვუშველეთ, ეს ჯოჯოხეთია.
როგორც ჩანს, მეც აღმოვჩნდი, რაღაც ძალადობაში შეჯიბრის სტატისტიკაში. კომედიანტს, რომ ხუმრობის გამო თავს ესხმიან, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ. სხვას, რომელიც პირდაპირ ჩართულია რაღაც პროცესებში, იმას რა დაემართება წარმოდგენაც არ მაქვს" - ამბობს იუმორისტი მიშა ანდღულაძე თავდასხმაზე "TV პირველთან" ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას.
3 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ იუმორისტ მიშა ანდღულაძეს უცნობი პირები ნიდერლანდებში.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიშა ანდღულაძემ ქართული ოცნების ამომრჩეველს რუსები უწოდა და თავს ამის გამო დაესხნენ. თუმცა, იუმორისტი აღნიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ ეს "გამიზნული ტყუილია".
ანდღულაძის თქმით, თავდასხმის მიზეზი შეიძლება მის მიერ ადრე რელიგიურ თემაზე გაკეთებული ხუმრობა ყოფილიყო.





