ნიდერლანდებში იუმორისტ მიშა ანდღულაძეს თავს დაესხნენ

დღეს, 3 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ იუმორისტ მიშა ანდღულაძეს უცნობი პირები ნიდერლანდებში. 

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიშა ანდღულაძემ ქართული ოცნების  ამომრჩეველს რუსები უწოდა და თავს ამის გამო დაესხნენ. თუმცა, იუმორისტი აღნიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ ეს "გამიზნული ტყუილია". 

ანდღულაძის თქმით, თავდასხმის მიზეზი შეიძლება მის მიერ ადრე რელიგიურ თემაზე გაკეთებული ხუმრობა ყოფილიყო. 

"კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, ("ქართული ოცნების") ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა.

ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. 

მანამდე პროკურატურაში მქონდა საქმე, სთენდაფის ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი.

ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ თავდასხმაზე, პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ. ადრეც იყო ჩემზე თავდასხმები, საქართველოს პროკურატურამ ძალიან კარგად გამოიძია ეს საქმე და დაიბარეს ის ადამიანები. შემდეგ მე დამიბარეს და მითხრეს, რომ შეგიძლია ქუჩებში თავისუფლად იარო და არაფერი გემუქრებაო.

ახლა რაც მოხდა, თითქოს რელიგიურ ხუმრობას ეხებოდა, მაგრამ შემდეგ პოსტი რაც დადეს, თითქოს მე ქართული ოცნების მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს.

[...]

ასეთი დაგეგმილი, მასშტაბური თავდასხმა, გადაიღეს.

და მერე იქ ვიღაცა უყვებოდა - ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო...

დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ... დაველოდოთ გამოძიებას" - ამბობს მიშა ანდღულაძე ambebi.ge-სთან. 

კომენტარები