თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადა, ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს.
რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რომლის დაუშვებლად ცნობასაც ადვოკატები ითხოვენ, საუბარია კანონდარღვევით ჩატარებულ ჩხრეკებზე, შედგენილ ოქმებზე, ვიდეოკადრებზე, ასევე ადვოკატების განცხადებით, რამდენიმე საქმეში მითითებული არაა მტკიცებულების წარმომავლობა.
დაცვის მხარის განცხადებით, არაა ცნობილი ვიდეომტკიცებულებების ვის მიერ, სად ან რა ვითარებაშია გადაღებული.
ბრალდების მხარემ, შუამდგომლობის წერილობით წარმოდგენა მოითხოვა. პროკურორებმა ასევე დამატებითი დრო ითხოვეს, რათა შუამდგომლობას გაეცნონ. ბრალდების მხარის განცხადებით, პოზიციას შემდეგ სხდომაზე დააფიქსირებენ.
საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილი ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის საქმეს განიხილავს.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





