უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე ილაპარაკა.
დახმარების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ამერიკულ მედიაში გავრცელდა.
შმიგალმა აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მადლობა გადაუხადა. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ 3 მარტის მონაცემებით, დახმარება არ შეწყვეტილა და კიევს ვაშინგტონთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების იმედი აქვს:
"დღეს უკრაინა აბსოლუტურად მყარად არის განწყობილი განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი, რომელიც 3 წლის განმავლობაში მხარს გვიჭერდა, განაგრძობს დახმარებას".
მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვა ამოსუნთქვის საშუალებას არ ითვალისწინებს, ვინაიდან მტერი აგრძელებს შეტევას. ამასთან შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობას და ჯარს გააჩნია პოზიციების შენარჩუნების ბერკეტები, რომელთა შესახებ საჯაროდ არ ლაპარაკობენ.
შმიგალმა ასევე გაიხსენა, რომ მსგავსი შეფერხება 3-წლიანი ომის მსვლელობისას პირველი არ არის:
"ჩვენ მართლაც სხვადასხვა ტიპის მომენტები განვიცადეთ ამ ომის მსვლელობისას. იყო შეფერხებები, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით. მაგრამ უკრაინას, უკრაინელებს, არჩევანი არ აქვთ".
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ხაზგასმით თქვა, რომ მთავრობა მინერალების შეთანხმებისთვის მზად არის, მაგრამ არ დათანხმდება ტერიტორიალურ დათმობებს.
პრესკონფერენციის მსვლელობისას პრემიერმინისტრმა ასევე ილაპარაკა უკრაინის სამხედრო პოტენციალზეც:
"ორწლიანი მუშაობის შედეგად ვაწარმოებთ სამჯერ მეტ არტილერიას, ხუთჯერ მეტ ჯავშანტრანსპორტიორს, ორნახევარჯერ მეტ ტყვიაწამალს, ორჯერ მეტ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ამ დროისთვის ვაწარმოებთ საჭირო შეიარაღების მესამედ, ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ მინიმუმ 50%".





