რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ალბანესის თქმით, ავსტრალია მზადაა, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხი განიხილოს

ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანესი
Mick Tsikas/AAP

პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების აღსრულების უზრუნველსაყოფად ევროპელ ლიდერებს შორის ე.წ. მოსურნეთა კოალიციის შექმნის პარალელურად, ავსტრალიის პრემიერმინისტრის, ენტონი ალბანესის განცხადებით, ავსტრალიის მთავრობა მზადაა, უკრაინაში მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების ნაწილად ჯარის გაგზავნის შესახებ ნებისმიერი წინადადება განიხილოს.

სიდნეიში გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანესს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა 4 მარტს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, რის საპასუხოდაც პრემიერმინისტრმა უკრაინის მიმართ ავსტრალიის მხარდაჭერა გაიმეორა. 

"ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხალხის მამაცი ბრძოლის გვერდით ვდგავართ, დაიცვან თავიანთი ბუნებრივი სუვერენიტეტი". - განაცხადა ალბანესმა და დაამატა, რომ ავსტრალია შემდგომი დახმარებისთვის მზადაა. ავსტრალიას უკრაინისთვის ამ დროისთვის 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ფინანსური და სამხედრო დახმარება აქვს გაგზავნილი. 

ალბანესმა აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ავსტრალიური ჯარების გაგზავნის შესახებ წინადადების "განსახილველად მზადაა". 

"ამ მომენტში მსჯელობა მიმდინარეობს [უკრაინაში] პოტენციური სამშვიდობო ძალების [განლაგების] შესახებ. ჩემი მთავრობის პერსპექტივით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი წინადადების განსახილველად, რამეთუ ავსტრალია ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სამშვიდობო სფეროს მთელ სპექტრში. 

ჩვენ გვსურს, უკრაინაში მშვიდობა ვიხილოთ, თუმცა ასევე გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის არაკანონიერი და ამორალური ქმედებები არ დაჯილდოვდება და რომ ვლადიმირ პუტინი და მისი დიზაინები, რომლებიც იმპერიალისტურია, არ დაჯილდოვდება და წახალისდება". - თქვა ალბანესმა. 

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით რაიმე მყარი წინადადება არ გახმოვანებულა და ამასთან, ავსტრალიისთვის სამშვიდობო მისიაში წვლილის შეტანისთვის არავის მიუმართავს. 

"თუ მოთხოვნა იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ. აშშ-სთან დაკავშირებით - აშშ ავსტრალიის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. არსებობს ალიანსი ჩვენს ქვეყნებს შორის. რაც შეეხება ავსტრალიის საგარეო პოლიტიკას, ამას ავსტრალია განსაზღვრავს. ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა და ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებს". - თქვა ალბანესმა. 

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა ევროპელ ლიდერებთან ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ე.წ. მოსურნეთა კოალიციის შექმნის იდეა გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში ევროპის ქვეყნებიდან 30 000 მშვიდობისმყოფელი სამხედრო გაიგზავნებოდა, როგორც რუსეთის ხელახალი თავდასხმისა და შეიარაღების შემაკავებელი ზომა. 

"გაერთანებული სამეფო მზადაა, [ამ ძალისხმევის] მხარდასაჭერად განალაგოს მიწაზე ჯარები და ჰაერში თვითმფრინავები სხვებთან ერთად. ევროპამ მძიმე წონები უნდა ასწიოს". - თქვა სტარმერმა. 

როდესაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრს დაუსვეს შეკითხვა, ძალისხმევაში ევროპის გარეთ არსებული ქვეყნების ჩართვის შესახებ, სტარმერმა უპასუხა, რომ მას იმდენი თანამოაზრე ქვეყნის ჩართვა სურდა, რამდენიც შესაძლებელი იყო. 

"ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს საჭიროა, იმდენად ფართო კოალიცია იყოს, რამდენადაც შეგვიძლია სხვადასხვა შესაძლებლობებით". - თქვა სტარმერმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტი მეტად გააღიზიანა. 

3 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "ომის დასრულების შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორს არის და ჯერ არავის დაუწყია ამ ნაბიჯების გადადგმა". 

ტრამპი ზელენსკის განცხადებას საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და მას "ყველაზე ცუდი" უწოდა, რაც კი "ზელენსკის შეიძლება, გაეკეთებინა". 

"ეს არის ყველაზეცუდი განცხადება, რაც კი შეიძლება ზელენსკის გაეკეთებინა. ამერიკა ამას აღარ შეეგუება. ეს არის ის, რასაც ვამბობდი, ამ კაცს არ უნდა მშვიდობა მანამ, სანამ მას აშშ-ს მხარდაჭერა აქვს და ევროპელებმა, ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ აშშ-ს გარეშე ამ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. ალბათ, არ იყო საუკეთესო განცხადება, რაც რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად შეიძლება გააკეთო. რაზე ფიქრობენ?" - დაწერა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მალევე დაწერა, რომ უკრაინას "მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ს დახმარების დიდი იმედი აქვს", ხოლო "მშვიდობა რაც შეიძლება მალე არის საჭირო". 

კომენტარები