ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 მარტს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად და სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად გეგმა წარადგინა.
"უკვე აღარ არსებობს კითხვა იმაზე, არის თუ არა ევროპის უსაფრთხოება რეალური კუთხით საფრთხის წინაშე, ან იმაზე, უნდა აიღოს თუ არა ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი უსაფრთხოებისთვის. სინამდვილეში, ამ კითხვებზე პასუხი დიდი ხანია, ვიცით. ჩვენს წინაშე რეალური კითხვაა, არის თუ არა მზად ევროპა ისე გადაჭრით იმოქმედოს, როგორც ამას ვითარება გვკარნახობს და არის თუ არა ევროპა მზად, ისეთი სისწრაფითა და ამბიციით იმოქმედოს, როგორც ეს საჭიროა". - თქვა ლაიენმა.
"[...] ჩვენ კვლავ შეიარაღების ეპოქაში ვიმყოფებით და ევროპა მზად არის მასობრივად გაზარდოს თავდაცვის ხარჯი, როგორც მოკლევადიან საჭიროებას უპასუხოს, რათა იმოქმედოს და მხარი დაუჭიროს უკრაინას, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ უპასუხოს გრძელვადიან საჭიროებას, რათა მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენივე ევროპული უსაფრთხოებისთვის". - დაამატა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ReArm Europe-ის გეგმის ფარგლებში, შესაძლოა თავდაცვისთვის 800 მილიარდამდე ევროს მობილიზება მოხდეს.
"თუ წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯს საშუალოდ მშპ-ს 1.5%-ით გაზრდიან, ამან შესაძლოა, €650 მილიარდის ფისკალური სივრცე შექმნას მომდევნო 4 წლის მანძილზე. მეორე წინადადება იქნება ახალი ინსტრუმენტი - ის €150 მილიარდის სესხებით უზრუნველყოს წევრ ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციებისთვის". - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
"[...] ეს დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს გააერთიანონ მოთხოვნა და ერთად შეისყიდონ [სამხედრო აღჭურვილობა] და, რა თქმა უნდა, ამ აღჭურვილობით წევრი სახელმწიფოები შეძლებენ, მასობრივად გაზარდონ უკრაინისთვის მხარდაჭერა". - დაამატა მან.
ბრიუსელში რეპორტიორებს ლაიენმა განუცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს "NATO-ში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ეს არის მომენტი ევროპისთვის და ჩვენ მზად ვართ, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ".
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ლაიენის გეგმით, ევროპის თავდაცვისთვის შესაძლოა, €800 მილიარდამდე გამოიყოს

Jean-Francois Badias/AP




