CNN-ის ინფორმაციით, მოსკოვში ელიან, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობის აღდგენისკენ მიმართული მოლაპარაკებები უახლოესი კვირების განმავლობაში არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ დაჩქარდება კიდეც.
ამის შესახებ ჯერჯერობით საჯარო განცხადება არცერთი მხრიდან არ გაკეთებულა. თუმცა, როგორც CNN წერს, დახურულ კარს მიღმა საუბრობენ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტისთვის მოსამზადებელი პროცესი დაჩქარებულია.
ამასთან, მოსკოვში ოპტიმიზმით უყურებენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მომხდარ მწვავე კამათს, რამაც შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკანა პლანზე გადადოს და უპირატესობა ვაშინგტონისა და მოსკოვის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მცდელობებს მიანიჭოს, რაზეც, CNN-ის ცნობით, მსჯელობა დახურულ კარს მიღმა უკვე მიმდინარეობს.
18 თებერვალს, საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. აშშ-ს დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსეთის დელეგაციას - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
CNN-ის ინფორმაციით, მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვისაც, რომელიც, სავარაუდოდ, კვლავ სპარსეთის ყურის ქვეყანაში გაიმართება.
მოლაპარაკებებში კრემლის წარმომადგენელმა ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევმა CNN-ს უთხრა, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა "ენერგეტიკის შესახებ შეთანხმებებსაც შეიძლება მოიცავდეს", თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
"ტრამპის ბიზნეს-გამჭრიახობა ამსხვრევს ბაიდენის ნარატივებს. რუსეთის დამარცხების მცდელობა ჩაიშალა". - დაწერა დმიტრიევმა X-ზე ილონ მასკის საპასუხოდ, რომელმაც, თავის მხრივ, X-ზე კომპიუტერული გრაფიკა გამოაქვეყნა, რომელიც მარსზე SpaceX-ის რაკეტის მონაწილეობით "აშშ-რუსეთი-საუდის არაბეთის" წარმოსახვით ერთობლივ კოსმოსურ მისიას ასახავდა.
მოვლენების განვითარების სისწრაფით "გაოგნებულმა" კრემლმაც, როგორც CNN წერს, ამაზე კომენტარი გააკეთა. კრემლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად შეხვდნენ და განაცხადეს, რომ გეოპოლიტიკაზე ამერიკული ხედვა "დიდწილად ემთხვევა" რუსეთის ხედვას.
"აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის საგარეო პოლიტიკის ყოველ კონფიგურაციას. ეს დიდწილად ემთხვევა ჩვენს ხედვას". - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამასთან, Financial Times-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი ჯაშუში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მათიას უარნიგი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ლობირებს, რომ აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის აღდგენას მხარი დაუჭიროს.
უცნობია, როგორ განვითარდება აშშ-რუსეთის ურთიერთობები, თუმცა ერთი რამ ცხადია: 28 თებერვალს აშშ-ს თეთრ სახლში ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის მომხდარ უპრეცენდენტოდ მწვავე კამათს კრემლში ჟრიამულით შეხვდნენ.
წაიკითხეთ მოსაზრება 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარის შესახებ:
რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?





