გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირისგან მოითხოვს, დაიწყოს "პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით".
ორბანმა ასევე დაამატა, რომ ის ეწინააღმდეგება ძალისხმევას, ბლოკის 27-ვე წევრ სახელმწიფოს შორის უკრაინის შესახებ რაიმე კონსენსუსი შედგეს. მოთხოვნების შესახებ წერილი პრორუსული განწყობების მქონე ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას გაუგზავნა. წერილი Financial Times-მა ნახა.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ყველაზე პრორუსი ლიდერის მუქარა, დაბლოკოს ბლოკის ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის შესახებ, უკავშირდება აშშ- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გახსნას ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები კრემლთან პროცესში კიევისა და ევროკავშირის ჩართვის გარეშე და 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარ მწვავე კამათს.
ამასთან, ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის მოთხოვნების წერილის გაგზავნა დროში ემთხვევა ევროპელ ლიდერთა სამიტზე მისაღები შეთანხმების ტექსტის გავრცელებას, რაც უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემასა და ევროპული სახელმწიფოების მიერ თავდაცვის დანახარჯების მყისიერ ზრდას მოიცავს.
უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერთა სამიტი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჩანიშნა, 6 მარტს გაიმართება.
"ცხადი გახდა, რომ უკრაინისადმი ჩვენს მიდგომებში სტრატეგიული განსხვავებები არსებობს, რომელთა გადალახვა [შეთანხმებების მომზადებითა] და [დიპლომატიური] კომუნიკაციებით ვერ მოხერხდება". - მისწერა ორბანმა კოსტას.
როგორც Financial Times წერს, 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის მომხდარი მწვავე კამათი ხაზს უსვამს, ბოლო კვირების განმავლობაში თუ რამდენად დაშორდა აშშ საკუთარ წინა პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის განგრძობადი მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ.
ორბანის წერილში ასევე მოხსენიებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული აშშ-ს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აგრესორად არ მოიხსენიებს, ნეიტრალური პოზიცია უკავია კონფლიქტის შესახებ და "კონფლიქტის მყისიერ დასრულებას" მოითხოვს.
"გაეროს [უშიშროების საბჭოს] რეზოლუცია მიანიშნებს ახალ ფაზაზე კონფლიქტის ისტორიაში და არარელევანტურს ხდის ევროპული საბჭოს [განცხადებებსა თუ მიღებულ რეზოლუციებს]". - წერს ორბანი.





