მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომელიც აშშ-ს ოფიციალურ ენად ინგლისურს განსაზღვრავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით პირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა.
გამოცემების ცნობით, აღმასრულებელი ბრძანება ინგლისურის ქვეყნის ოფიციალურ ენად გამოცხადების მიზნად ერთობისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისებასა და მთავრობაში ეფექტიანობის უზრუნველყოფას ასახელებს.
WSJ-ის ინფორმაციით, აღმასრულებელი ბრძანება ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ბრძანებას აუქმებს, რომელიც ფედერალურ სააგენტოებსა და ფედერალურად დაფინანსებულ ინსტიტუტებს არაინგლისურენოვანი მოსახლეობის ენობრივ დახმარებას ავალდებულებდა. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, ფედერალურ ორგანოებს კვლავ შეუძლიათ დოკუმენტებისა და მომსახურების სხვა ენებზე მიწოდება.
აქამდე, აშშ-ს ფედერალურ დონეზე ოფიციალური ეროვნული ენა არასდროს არ ჰქონია. თუმცა, ქვეყნის 32 შტატს ინგლისური თავიანთ ოფიციალურ ენად აქვს გამოცხადებული.
აშშ-ში მცხოვრები მოსახლეობა 350-ზე მეტ ენაზე მეტყველებს. აშშ-ს სტატისტიკური ბიუროს ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 22% სახლში ინგლისურად არ საუბრობს.





