მზია ამაღლობელის საქმე

ჩხაიძე: ამაღლობელი გაეწერა, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი

კლინიკა ვივამედის სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწერისას დამაკმაყოფილებელი იყო. ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს. 

"ჩვენგან პაციენტი გაეწერა, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები და შევთანხმდით, რომ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გააგრძელებდა რეკომენდაციების შესრულებას. [...] უკვე ერთი კვირაა იკვებებოდა" - თქვა ჩხაიძემ რუსთავი 2-თან. 

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები