26 თებერვალს პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს კიდევ 4 დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა.
სანაცვლოდ ისრაელმა 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, მათი ნაწილი ისრაელის ძალების მიერ ღაზაში იყვნენ დაკავებულები, ნაწილი კი ისრაელის ციხეებში იხდიდა სასჯელს.
ეს იყო ჰამასსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი, ექვსკვირიანი ეტაპის ბოლო გაცვლა.
ჰამასის განცხადების მიხედვით, ორგანიზაცია მზად არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპზე მოლაპარაკების დასაწყებად.
"ჩვენ ვანახლებთ ჩვენს ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ და ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, შეთანხმების მეორე ეტაპზე დავიწყოთ მოლაპარაკებები" – წერია განცხადებაში.
შეთანხმების მეორე ეტაპზე მოლაპარაკება უკვე ორჯერ გადაიდო. პირველად, მისი დაწყება 2 თებერვალს, ხოლო შემდეგ 17 თებერვლის კვირაში იგეგმებოდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, თუ მოლაპარაკების პირველი ეტაპი ტყვეების გაცვლას დაეთმო, ამ შემთხვევაში, მხარეებმა ომის შემდგომი ღაზის ადმინისტრირების საკითხი უნდა განიხილონ.
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰამასმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესს შეაჩერებდა. ისრაელმა კი აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესის გაჩერების შემთხვევაში, ისინი ღაზაზე თავდასხმებს განაახლებდნენ.
მუქარების მიუხედავად, 15 თებერვალს მძევალთა მეექვსე გაცვლის ფარგლებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
თავის მხრივ, 3 მძევლის სანაცვლოდ ისრაელი 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. მათი ნაწილი უკვე დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე იმყოფება.





