ჩინეთი-ტაივანი

ტაივანმა ჩინეთის მხრიდან კუნძულის სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დაგმო

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/file photo

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის სამხედრო ძალებმა კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 74 კილომეტრის დაშორებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, "საცეცხლე წვრთნის" ზონა შექმნეს. ტაივანის სამინისტრომ აღნიშნული ქმედება დაგმო და პროვოკაციად და საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციისთვის საფრთხედ შეაფასა.

ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად 32 თვითმფრინავი განათავსა, ჩინურ სამხედრო ხომალდებთან ერთობლივი საბრძოლო სწავლების ფარგლებში და "საცეცხლე წვრთნების" დაწყება გამოაცხადა.

"ჩინეთის ქმედებების საპასუხოდ ტაივანის სამხედრო ძალებმა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო დანაყოფები დაკვირვების, გაფრთხილებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით გაგზავნეს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ჩინეთის არმიამ ქაოსიუნისა და პინგტუნგის სანაპიროდან 74 კილომეტრის დაშორებით ცალმხრივად წვრთნის ზონის გამოცხადებითა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე საბრძოლო სროლის სწავლების ჩატარებით ღიად დაარღვია საერთაშორისო ნორმები". 

"ეს ქმედება არა მხოლოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ" – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაივანთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო ძალებმა "საცეცხლე წვრთნისთვის" სწავლების ზონა შექმნეს.

"ეს არ არის საგარეო საკითხი" – თქვა სამინისტროს სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები