რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: გავანადგურეთ 128 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვლის ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონისა და ყირიმის თავზე რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 128 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

სამინისტროს ინფორმაციით, დრონები კრასნოდარის მხარის, აზოვის და შავი ზღვის აკვატორიის, ბრიანსკის, კურსკის და ყირიმის თავზე ჩამოაგდეს.

რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, აფეთქებების ხმა კრასნოდარის მხარის პორტის რაიონში ისმოდა.

ASTRA-ს ცნობით, აფეთქებების ხმა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქებში ტუაფსესა და ანაპაში ისმოდა. ასევე, დრონების თავდასხმის გამო დროებით დაიხურა სოჭის აეროპორტი. 

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დრონებმა ტუაფსეს საზღვაო სავაჭრო პორტს შეუტიეს. Telegram-არხების ცნობით, ტუაფსეში 40-ზე მეტი აფეთქება მოხდა.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატევის თქმით, რეგიონში დაზარალებულები არ არიან, თუმცა რამდენიმე სახლი დაზიანდა.

დილის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში 83 დრონი ჩამოაგდეს.

კომენტარები