ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) ივანიშვილის რეჟიმის მიერ, 24 თებერვალს დაინიცირებულ მედიის შემზღუდველ 2 კანონპროექტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს - აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.
ორგანიზაციის განცხადებაში წერს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის უფლებას.
TI-ს თქმით, დაინიცირებული კანონპროექტების მიზანია როგორც კრიტიკული, სამაუწყებლო მედიისთვის საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების "გადაჭრა", ასევე კომუნიკაციების კომისიისთვის ადმინისტრაციული ზემოქმედების გაზრდა დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, დაინიცირებული კანონპროექტები საფრთხეს უქმნის კრიტიკული მედიის ფინანსურ მდგრადობას.
"24 თებერვალს, ქართულმა ოცნებამ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
პირველი მათგანის ამოცანაა გადაუჭრას კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების საშუალებები იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.
მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოვოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის.
შემოთავაზებული ცვლილებით თითქმის გაუქმების დონემდე მცირდება მაუწყებლობის თვითრეგულირების მექანიზმის როლი - ისეთ საკითხებს როგორიცაა მაგალითად, მედიაში გავრცელებული ფაქტების სიზუსტე და მიუკერძოებლობა, უმეტეს წილად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს.
ცვლილების თანახმად, "დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა".
ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.
ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში





