სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი განიხილეს.
ბაჩაშვილმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან სასამართლოსთვის წარდგენილი ჩანაწერის შინაარსზე და ექსპერტის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე ისაუბრა.
"საუბარია მხოლოდ ჩემს მიერ ქართუ ბანკში სესხის მოპოვების სურვილზე, რაზეც ჩანაწერის ბოლოს ივანიშვილი მთანხმდება და მეუბნება, რომ ეს თემა გამევლო დეტალურად ქართუ ბანკის დირექტორთან და შემეთავაზებინა დამატებით რაიმე ინტერესი მოგების წილის სახით ამ პროექტიდან.
აღნიშნული ექსპერტი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ეპიზოდს, სადაც არის 3-წამიანი სიჩუმე და ამბობს, რომ ეს საჭიროებს ლინგვისტურ შესწავლას, რადგან ენის თავისებურებიდან გამომდინარე ეს პაუზა ნორმალური იყო თუ არა მე ამას ვერ დავადგენო". - თქვა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, გერმანული ექსპერტიზის დასკვნა ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს და ახდენს მოსაუბრე პირების იდენტიფიცირებას.
"ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადასტურებს ჩანაწერის შექმნის თარიღს და მოსაუბრე პირების იდენტიფიცირებას ახდენს. 10-11-წუთიანი საუბარია, სადაც მხარეები ათანხმებენ სესხის პირობებს". - თქვა ადვოკატმა.
TV პირველმა 22 თებერვალს ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ბაჩიაშვილი ივანიშვილს ბიტკოინების შესაძენად, ქართუ ბანკიდან სესხს სთხოვს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი 2015 წლის 30 ივლისით თარიღდება.
"ნატოს [ხაინდრავა - ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე] შევხვდი დღეს დილით, სესხზე დაელაპარაკე ბატონ ბიძინასო" - ეუბნება ივანიშვილს ბაჩიაშვილი სატელეფონო საუბრის დასაწყისში.
ჩანაწერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ივანიშვილს ეუბნება, რომ ყიდულობს "6-ნახევარი მილიონი დოლარის კონტრაქტს, რომელიც არის ფასიანი ქაღალდი პრინციპში", ბაჩიაშვილის თქმით, 1-ნახევარს თვითონ დებს, 5 მილიონი კი ბანკიდან სჭირდება.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





