კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, ესტონეთის პრემიერი კრისტენ მიხალი და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები რუსეთ-უკრაინის 3 წლისთავზე კიევში უკრაინის მხარდასაჭერ საერთაშორისო სამიტზე ჩავიდნენ.
ამის შესახებ ლიდერები ინფორმაციას X-ზე ავრცელებენ.
"დღეს კიევში ვარ NB8-ის (რედ. - ნორდიკულ-ბალტიკური რვიანი), კანადის ესპანეთისა და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, უკრაინამ მსოფლიოს გამძლეობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა აჩვენა. მშვიდობის პირობები მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია.
ჩვენ გვწამს უკრაინის გამარჯვების, თუმცა მას ქმედება სჭირდება. ჩვენი მხარდაჭერა ახლა უნდა დავაჩქაროთ". - წერს მიხალი.
სანჩესმა ხაზუ გაუსვა, რომ ესპანეთის ერთგულება უკრაინელი ხალხისადმი უცვლელია.
"რუსული აგრესიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხისადმი უცვლელია. უკვე კიევში ვართ, რათა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობა მივიღოთ" - წერს პედრო სანჩესი.
სამიტის შესახებ პოსტს ავრცელებს გიტანას ნაუსედაც.
"რუსეთის დაუნდობელი სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ ზუსტად 3 წელი გავიდა. უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა უთვალავ სირთულეს გაუძლო, მაგრამ ამაყნი და გაუტეხელნი რჩებიან.
მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ ამ წლების განმავლობაში ლიტვა უკრაინას ყველა შესაძლო გზით ეხმარებოდა. ამის კეთებას გავაგრძელებთ". - წერს ნაუსედა.
რინკევიჩმა აღნიშნა, რომ 3 წლის წინ, როდესაც ომი დაიწყო, კიევში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობით იმყოფებოდა. მისივე თქმით, სამიტზე ახლანდელ საკითხებს განიხილავენ.
"3 წლის წინ, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიევში ვიყავი, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. დავბრუნდი, როგორც ლატვიის პრეზიდენტი, რათა მამაცი უკრაინელი ხალხით აღტაცება და მათი მხარდაჭერა გამოვხატო. განვიხილავთ ახლანდელ საკითხებსა და გზას წინ". - წერს რინკევიჩი.
მანამდე, კიევში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ჩავიდნენ.
"უკრაინაში შეჭრის 3 წლისთავზე ჩვენ დღეს კიევში ვართ, იმიტომ რომ, უკრაინა ევროპაა". - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.





