ვადამდელი არჩევნები გერმანიაში

მერცმა AfD-სთან კოალიცია გამორიცხა და არჩევნებში მასკის ჩარევას "აღმაშფოთებელი" უწოდა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი

გერმანიის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა კვლავ გამორიცხა ულტრამემარჯვენე პარტიასთან "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) კოალიციაში შესვლა:

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ AfD-სთან კოალიციაში არ შევალთ და AfD-ს ამომრჩევლებმა ეს წინასწარ იცოდნენ და მათ ამ პარტიას დაუჭირეს მხარი ამის მიუხედავად. ახლა გვჭირდება, რომ ვიპოვოთ გზა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და ეს უფრო აშკარა გახდება ამ საღამოს, როცა საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი". - თქვა მერცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რომ "ილონ მასკისა და ვაშინგტონის მხრიდან არჩევნებში ჩარევა მოსკოვიდან ჩარევაზე არანაკლებ მკვეთრი და აღმაშფოთებელი იყო".

ცნობისთვის, ტრამპის მოკავშირე ილონ მასკი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, წინასაარჩევნო პერიოდში ღიად და აქტიურად უჭერდა მხარს პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD).

ქრისტიან-დემოკრატებს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც შედეგს გერმანიისთვის "დიდებული დღე" უწოდა.

"როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატორების პარტიამ ძალიან დიდ და მაღალი მოლოდინების მქონე არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც აშშ-ში, გერმანელი ხალხი დაიღალა საღი აზრის არმქონე იმ დღის წესრიგით, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და იმიგრაციის მხრივ, რომელიც მრავალი წელი დომინირებდა. ეს დიდებული დღეა გერმანიისთვის და ბატონი დონალდ ტრამპის ლიდერობის ქვეშ მყოფი აშშ-სთვის. გილოცავთ ყველას - კიდევ მრავალი გამარჯვება იქნება!" - დაწერა ტრამპმა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა და ხმების 29% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილზე გავიდა ხმების 19.5%-ით.

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, ამ მონაცემებით პოტენციური სამთავრობო კოალიციის შექმნა ქრისტიან-დემოკრატებს სოციალ-დემოკრატების პარტიასთან შეუძლია, რომელმაც არჩევნებში 16% აიღო.

ასევე აღსანიშნავია, რომ AfD-ს მიერ აღებული შედეგები საუკეთესო მაჩვენებელია წინა წლების ეროვნულ არჩევნებზე აღებულ შედეგებთან შედარებით და 2021 წელთან შედარებით პარტიის შედეგი 9.1%-ით არის გაუმჯობესებული.

არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 83.5%-მა მიიღო, რაც 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები