ვადამდელი არჩევნები გერმანიაში

ტრამპმა ქრისტიან-დემოკრატებს გერმანიის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატების პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატორების პარტიამ ძალიან დიდ და მაღალი მოლოდინების მქონე არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც აშშ-ში, გერმანელი ხალხი დაიღალა საღი აზრის არმქონე იმ დღის წესრიგით, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და იმიგრაციის მხრივ, რომელიც მრავალი წელი დომინირებდა. ეს დიდებული დღეა გერმანიისთვის და ბატონი დონალდ ტრამპის ლიდერობის ქვეშ მყოფი აშშ-სთვის. გილოცავთ ყველას - კიდევ მრავალი გამარჯვება იქნება!". - წერს ტრამპი.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა და ხმების 29% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილზე გავიდა ხმების 19.5%-ით.

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, ამ მონაცემებით პოტენციური სამთავრობო კოალიციის შექმნა ქრისტიან-დემოკრატებს სოციალ-დემოკრატების პარტიასთან შეუძლია, რომელმაც არჩევნებში 16% აიღო.

ცნობისთვის, ტრამპის მოკავშირე ილონ მასკი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ღიად და აქტიურად უჭერდა მხარს AfD-ს.

ასევე აღსანიშნავია, რომ AfD-ს მიერ აღებული შედეგები საუკეთესო მაჩვენებელია წინა წლების ეროვნულ არჩევნებზე აღებულ შედეგებთან შედარებით და 2021 წელთან შედარებით პარტიის შედეგი 9.1%-ით არის გაუმჯობესებული.

კომენტარები