23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი ფედერალური არჩევნები გაიმართება. ეს არის რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები, რომელიც ომისშემდგომი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდება.
გერმანიაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება გასული წლის ნოემბერში, მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ მიიღეს. სახელისუფლებო კრიზისამდე ფედერალური არჩევნების თარიღად 28 სექტემბერი იყო განსაზღვრული. ომის შემდეგ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 1972, 1983 და 2005 წლებში დაინიშნა.
როგორც წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, არჩევნებში ფავორიტი ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანებაა (CDU), თუმცა, ხელისუფლებაში მოსასვლელად მათ რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა მოუწევთ.
ვადამდელი არჩევნების წინ გერმანიის მომავალი მთავრობის მთავარ გამოწვევებად რჩება იმიგრაციის კონტროლი და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, ასევე, იმ პოლიტიკური კრიზისის დასრულება, რომელიც შოლცის კოალიციის დაშლა გამოიწვია.
ბუნდესტაგის მანდატების მოპოვებისთვის პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. გამოკითხვების მიხედვით, ოთხ პარტიას ორნიშნა მხარდაჭერა აქვს, ზღვართან ახლოს კი კიდევ ოთხი პარტია იმყოფება.
დასავლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ არჩევნებზე გავლენას მოახდენს გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული თავდასხმები, რომელთა ნაწილსაც მსხვერპლი მოჰყვა. 13 თებერვალს მიუნხენში თავშესაფრის მაძიებელი 24 წლის მამაკაცი ავღანეთიდან ხალხის მასაში მანქანით შეიჭრა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 37 კი დაშავდა. აქამდე, იანვარში ავღანელი მამაკაცის დანით თავდასხმას ორი წლის ბავშვი და ზრდასრული კაცი ემსხვერპლა. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კი სირიელმა დევნილმა ჰოლოკოსტის მემორიალთან დანით თავდასხმა მოაწყო. მსგავსი შემთხვევების პარალელურად, მეინსტრიმულ პარტიებზე გაიზარდა ზეწოლა საიმიგრაციო პოლიტიკის და თავშესაფრის მიღების წესების რეფორმირების შესახებ. მედიების ცნობებით, თავდასხმებს მოჰყვა ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მხარდაჭერის გაზრდაც.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე არცერთი სხვა პარტია AfD-სთან ერთად სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას არ აპირებს, ისინი გამოკითხვებში მეორე ადგილს იკავებენ და ბუნდესტაგში მანდატების რაოდენობას მინიმუმ გაიორმაგებენ.
გამოწვევად რჩება ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე დიდი ქვეყნის ორწლიანი კრიზისიც, რომლის შემობრუნება და გერმანიის ინდუსტრიული გამოღვიძებაც მომდევნო მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გერმანიის მიერ რუსულ ენერგოდამოკიდებულებაზე უარის თქმამ ფასების გაზრდა გამოიწვია.
ამავდროულად, გერმანიის მომავალი კანცლერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. რეგლამენტის მიხედვით იმ შემთხვევაში თუ ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია ერთ ან ორ პარტიასთან კოალიციის შექმნას შეძლებს, ქვეყნის პრეზიდენტი კოალიციის ლიდერ კანცლერის თანამდებობაზე წარადგენს, შემდეგ კი ბუნდესტაგი კენჭს უყრის
გამოკითხვების მიხედვით, კანცლერობის მთავარი კანდიდატი CDU-ს ლიდერი ფრიდრიხ მერცია, რომლის პარტიაც, სავარაუდოდ, არჩევნებში პირველი ადგილის დაკავებას შეძლებს.
ფრიდრიხ მერცი და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება
69 წლის ფრიდრიხ მერცმა პოლიტიკური კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც CDU-ს ახალგაზრდულ ფრთას შეუერთდა. 2002 წელს კი ის CDU-ს იმჟამინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ედმუნდ შტოიბერმა პოტენციურ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაასახელა, თუმცა, მაშინ შტოიბერის პოლიტიკური გუნდი შიდაპარტიულ ბრძოლაში ანგელა მერკელთან დამარცხდა.
მერკელის კანცლერობის დროს 2002-04 წლებში მერცი CDU-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცეთავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2004 წელს კი მან ეს თანამდებობა დატოვა და ნაწილობრივ იურიდიულ კარიერაზე გადაერთო. 2009 წელს კი მერკელის გუნდთან პოლიტიკური განსხვავების გამო ბუნდესტაგის მანდატიც დათმო და აქტიური პოლიტიკიდან გავიდა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2018 წელს ანგელა მერკელის მიერ CDU-ს ლიდერობიდან გადადგომის შემდეგ, მერცმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერთან დამარცხდა. კრამპ-კარენბაურეის გადადგომის შემდეგ 2021 წელს, მერცი უკვე მეორედ, ამჯერად არმინ ლაშეტთან დამარცხდა.
2022 წელს კი ფრიდრიხ მერცი მესამე მცდელობის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერად აირჩიეს.
მერცის პარტიის სათავეში მოსვლის შემდეგ CDU-ს სლოგანი გახდა - “გერმანია, რომლითაც კვლავ შეგვიძლია ვიამაყოთ”. ის ამომრჩევლებს საზღვრებზე მუდმივ კონტროლს და თავშესაფრის მიღების წესების გამკაცრებას დაჰპირდა, რითაც იმიგრაციის შეზღუდვას გეგმავს. გარდა ამისა, მერცის თქმით, ის შეამცირებს გადასახადებს და 50 მილიარდი ევროს ოდენობით სოციალურ ხარჯებს, რათა გერმანიის შერყეული ეკონომიკა გააძლიეროს. ამავდროულად, მერცის დაპირებებს შორისაა უკრაინისთვის დახმარების გაზრდა.
CDU-ს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიოა და გულისხმობს ურყევი მხარდაჭერის გაგრძელებას როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიურ დონეზე. პარტიის პრიორიტეტებს შორისაა NATO-სგან აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულება და თავდაცვის ხარჯების გაზრდაც.
წინასაარჩევნო პერიოდში მერცმა საკუთარ ამომრჩევლებში უკმაყოფილება გამოიწვია, როდესაც საიმიგრაციო წესების გამკაცრებას ულტრამემარჯვენე AfD-ს ხმების დახმარებით ცდილობდა, თუმცა, ეს მცდელობა საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა.
ოლაფ შოლცი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. გასული წლის ნოემბერში კი მის მთავრობას ბუნდესტაგში უნდობლობა გამოუცხადეს. პოლიტიკური კრიზისი და კოალიციის დაშლა შიდა სახელმწიფო ვალის კონტროლის მკაცრი წესების შემსუბუქებაზე შეთანხმების ვერ მიღწევამ გამოიწვია.
შოლცის მთავრობას პრობლემები საწყის წლებშივე შეექმნა, რაც მისი კანცლერად არჩევიდან რამდენიმე თვეში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. ომმა და ომის შედეგად რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას კი გერმანიის ეკონომიკა დააზიანა.
მიუხედავად ამისა, შოლცის კანცლერობის პირობებში გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე დიდი დახმარების მიმწოდებელი გახდა.
შოლცის შეფასებით, სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა გერმანიის მთავრობის მიერ თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება და სამხედრო ხარჯების გაზრდა, თუმცა, ოპონენტების აზრით მისი ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში დროში იწელებოდა ან დაგვიანებული იყო.
არჩევნების წინ კი შოლცი პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას “იმ დრომდე, სანამ ეს აუცილებელია” და უარს იტყვის ნებისმიერი სახის “ნაკარნახევ მშვიდობაზე”.
შოლცი, ასევე, ემხრობა თავშესაფრის მიღების წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში დეპორტაციის სისტემის დაჩქარებას და მისი მთავრობის პირობებში განახლდა პერიოდული სასაზღვრო კონტროლი. რის შედეგადაც, მისი თქმით, თავშესაფრის მიღებაზე განაცხადების რაოდენობა ერთ წელიწადში მესამედით შემცირდა.
რაც შეეხება ეკონომიკას, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ე.წ. “გერმანიის ფონდის” შექმნა სურს, ინვესტიციების გაზრდისა და მინიმალური ხელფასის საათში 15 ევრომდე აწევის (ამჟამად €12.82) მიზნით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოლაფ შოლცის კანდიდატურას სოციალ-დემოკრატების პარტიაში ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ ჰქონდა. მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მას ადგილი გერმანიის მოქმედი თავდაცვის მინისტრისთვის, ბორის პისტორიუსისთვის უნდა დაეთმო, რომელიც კვლევების მიხედვით, პარტიის მხარდამჭერებში შოლცზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ალის ვაიდელი და ალტერნატივა გერმანიისთვის
ალის ვაიდელი პარტიის შექმნის (2013 წელი) შემდეგ AfD-ს პირველი კანცლერობის კანდიდატია. ულტრამემარჯვენეებმა კი წინასაარჩევნოდ პოპულარობის გაზრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც მოახერხეს - AfD-ს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ილონ მასკმა, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კი მიუნხენში ვიზიტის დროს AfD-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ AfD-ს რეიტინგი ბოლო კვლევების მიხედვით 20%-ს სცდება და პოტენციურად ვაიდელის პარტია არჩევნებში მეორე ადგილს იკავებს, ვაიდელის კანცლერად არჩევის შანსები მაინც მინიმალურად რჩება, რადგან მის პარტიასთან კოალიციას ყველა სხვა პარტია გამორიცხავს.
ვაიდელი ამომრჩევლებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნასა და Nord Stream გაზსადენების აღდგენას ჰპირდება.
პარტიის მხარდამჭერები ვაიდელს სლოგანით Alice für Deutschland (ალისი გერმანიისთვის) ხვდებიან, რაც გერმანული მედია კი ამ ფრაზას აკრძალულ ნაცისტურ სლოგანს Alles für Deutschland-ს (ყველაფერი გერმანიისთვის) ადარებს.
რობერტ ჰაბეკი და მწვანეები
რობერტ ჰაბეკი შოლცის კოალიციურ მთავრობაში ეკონომიკის მინისტრისა და ქვეყნის ვიცეკანცლერის თანამდებობებს იკავებდა.
მისი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა წიაღისეულ საწვავით მომუშავე გათბობის სისტემების ეტაპობრივი ამოღება იყო, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა და საბოლოოდ გერმანიის მთავრობისა და მის პირად რეიტინგზეც აისახა.
ამავდროულად, ჰაბეკი უარყოფს ბირთვული ენერგიის გამოყენების ნებისმიერი სახით აღდგენას და ითხოვს უფრო ხელმისაწვდომი გახდეს განახლებადი ენერგიის გამოყენება, რომელიც გასული წლის ბოლოს გერმანიის ენერგო საჭიროებების 63.4%-ს ფარავდა.
ჰაბეკი უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც ომის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში ევროპის მცველია და მისი აქტიური დახმარებაა საჭირო.
სარა ვაგენკნეხტი და სარა ვაგენკნეხტის ალიანსი (BSW)
სარა ვაგენკნეხტი მემარცხენე პოპულისტია, რომელიც 2023 წლამდე გერმანელ მემარცხენეთა გაერთიანების Die Linke-ს წევრი იყო, შემდეგ კი მომხრეებთან ერთად პარტია დატოვა და საკუთარი ალიანსი ჩამოაყალიბა.
ვაგენკნეხტი ალის ვაიდელის მსგავსად რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა. ის ასევე, მხარს უჭერს თავშესაფრის მიღებასა და იმიგრაციაზე მკაცრი ლიმიტების შემოღებას.
ვაგენკნეხტი საკუთარ პოლიტიკას მემარცხენე კონსერვატიზმს უწოდებს და საკუთარ თავს ულტრამემარჯვენე AfD-ს ალტერნატივას წარადგენს. მისი ალიანსის მხარდაჭერა ზრდადია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში.
უკრაინასთან დაკავშირებით, ვაგენკნეხტი, AfD-ს მსგავსად, კრემლის პროპაგანდას იმეორებს და გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდების წინააღმდეგია.
უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით ვაგენკნეხტის ალიანსის მხარდაჭერა საშუალოდ 4-5%-ია, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მისი პარტიის სამთავრობო კოალიციაში ხილვის შანსი კი საკმაოდ დაბალია.
ვაგენკნეხტის ალიანსის მსგავსად, ბარიერთან ახლოს კიდევ ორი პარტიაა - თავისუფალი დემოკრატები (FDP) და მემარცხენეები (Die Linke), თუმცა, მათ ამ არჩევნებზე საკუთარი კანცლერობის კანდიდატები არ წარუდგენიათ.
FDP გასული წლის ბოლომდე შოლცის კოალიციური მთავრობის ნაწილი იყო, პარტიის ლიდერი, კრისტიან ლინდნერი კი გერმანიის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. სწორედ ლინდნერის თანამდებობიდან გათავისუფლებამ გამოიწვია გერმანიის სამთავრობო კრიზისი და მმართველი კოალიციის დაშლა.
ლინდნერის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ეკონომიკურ რეფორმებზე სამთავრობო კოალიციის სხვა წევრებთან მუდმივი უთანხმოებები გახდა.
მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ე.წ. მოწესრიგებული მიგრაციის მომხრეა, რაც მიგრაციასთან დაკავშირებით მკაფიოს წესების არსებობას და მის დაცვას გულისხმობს. პარტია მხარს უჭერს მიგრაციის ისეთ სისტემას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მაღალკვალიფიციურ მუშახელს და მეწარმეებს, ამარტივებს საიმიგრაციო პროცესებს მათთვის და უზრუნველყოფს მათთვის ინტეგრაციის პროგრამებს.
FDP-ს პოზიცია მკაფიოა უკრაინის საკითხზე, ისინი მხარს უჭერენ უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსან რაკეტებს გადაცემას და ამბობენ, რომ უკრაინას უნდა მიეცეს თავდაცვის საშუალება, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე გაშვების ბაზებისა და მომარაგების ხაზების წინააღმდეგ.
უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მათი რეიტინგი საშუალოდ 4-5%-მდეა და რთულად სავარაუდოა შეძლებენ თუ არა ბარიერის გადალახვას.
მემარცხენეები (Die Linke)
კვლევების მიხედვით, მემარცხენეებს ბარიერის გადალახვის იმაზე მეტი შანსი აქვთ, ვიდრე FDP-ს ან სარა ვაგენკნეხტის გაერთიანებას. მათი რეიტინგი დაახლოებით 7%-მდეა.
მემარცხენეების ალიანსი ეწინააღმდეგება თავშესაფრის მიღებაზე შეზღუდვების დაწესებას და მხარს უჭერს მიგრანტებისთვის შეუზღუდავი მუშაობის უფლების მინიჭებას. ისინი ადვოკატირებენ მიგრანტებისთვის თანაბარი უფლებების არსებობას, მათ შორის, წვდომას ჯანდაცვაზე, განათლებასა და საცხოვრებელზე. პარტია ასევე მხარს უჭერს ე.წ. ჩართულობის საბჭოს შექმნასაც, რომლის ფარგლებშიც მიგრანტებს საშუალება მიეცემათ ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სექტორში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
უკრაინასთან დაკავშირებით კი Die Linke-ს პოზიცია არაერთგვაროვანია - პარტია ერთი მხრივ კრიტიკულია რუსეთის მიმართ, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე საუბრობს.
Die Linke-ს ხედვით გერმანიამ უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრაზე უნდა იმუშავოს. მათი დამოკიდებულება კრიტიკულია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს მიმართაც და ამის ალტერნატივად კრემლთან დაახლოებული პირების ინდივიდუალურ სანქცირებას მიიჩნევენ.
სავარაუდო კოალიციები
წინასაარჩევნო კვლევები ცხადყოფს, რომ ამომრჩევლის ყველაზე დიდ მხარდაჭერას, სავარაუდოდ, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მოიპოვებს, თუმცა, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მათ სხვა პარტიესთან/პარტიებთან კოალიცია დაჭირდებათ.
მაღალი ალბათობით მათ კოალიციაში შესვლა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან, ან მწვანეებთან, ან ორივესთან ერთად მოუწევთ. ბარიერის გადალახსვის შემთხვევაში სამთავრობო კოალიციაში შესვლის შანსი ექნებათ თავისუფალ დემოკრატებსაც.
მემარცხენეებთან და სარა ვაგენკნეხტის ალიანსთან CDU-ს კოალიცია ნაკლებ სავარაუდოა, AfD-სთან კოალიციაში შესვლას კი ყველა ზემოხსენებული პარტია გამორიცხავს.
სამთავრობო კოალიციის შემადგენლობის კონტურები კი 23 თებერვალს, არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე გამოიკვეთება.
ANSA-ს ბოლო კვლევის (21-22 თებერვალი) მიხედვით არჩევნების შედეგი ასეთი იქნება: ქრისტიან-დემოკრატები 29.5%, ალტერნატივა გერმანიისთვის 21%, სოციალ-დემოკრატები 15%, მწვანეები 12.5%, მემარცხენეები 7.5%, სარა ვაგენკნეხტის ალიანსი 5%, თავისუფალი დემოკრატები 4.5%.




