პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდამ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და შესთავაზა, რომ დონალდ ტრმაპთან "მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის" კურსი გააგრძელოს. მისივე თქმით, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა აშშ-ს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.
ამის შესახებ დუდამ X-ზე დაწერა.
"რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა. გენერალ კელოგთან ბოლოდროინდელი შეხვედრისა და სხვა განვითარებების ფონზე გულწრფელი საუბარი გვქონდა. მას გადავეცი, რომ თანმიმდევრულად გვწამს, რომ აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზა არ არსებობს.
ამ მიზეზით, პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის ერთგული დარჩეს. მჯერა, რომ კეთილი ნება და პატიოსნება აშშ-ს მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს გლობალური სტაბილურობისადმი და მშვიდობისადმი პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობა ამოძრავებს". - წერს დუდა.
19 თებერვალს, ზელენსკის მიერ მინერალების შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა.
მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.
გუშინ, 20 თებერვალს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავოს და მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
"მათ უნდა ტონს დაუწიონ, ცივი გონებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას". - თქვა უოლცმა.
რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთან შეხვედრა ზელენსკიმ დადებითად შეაფასა, მოგვიანებით კი ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ის იმედისმომცემი იყო.
"გენერალი კელოგი – შეხვედრა, რომელიც მიბრუნებს იმედს, ჩვენ გვჭირდება ძლიერი შეთანხმებები ამერიკასთან, შეთანხმებები, რომლებიც ნამდვილად იმუშავებს. ეკონომიკა და უსაფრთხოები ყოველთვის გვერდიგვერდ უნდა ვითარდებოდეს და მნიშვნელობა აქვს შეთანხმების დეტალებს: რაც უფრო კარგად გაწერილია შეთანხმებების დეტალები, მით უფრო დიდია შედეგი". - თქვა ზელენსკიმ.
გასული 3 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ინვესტიცია უკრაინის იშვიათ წიაღისეულში უზრუნველყოფდა იმას, რომ აშშ "რაღაც ფორმით ამ ფულს უკან დაიბრუნებდა". ტრამპს სურს, რომ კიევმა აშშ-ს გაცემული სამხედრო დახმარების ასანაზღაურებლად 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულზე წვდომა მისცეს.
ცნობისთვის, ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტი არ არის მზად უკრაინისა და მისი ინტერესების დასაცავად.
ზელენსკის თქმით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრ, სკოტ ბესენტის პრეზენტაციის შემდეგ შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მანამდე მისი გამოკვლევა და სხვებისგან რჩევის მოსმენა იყო საჭირო.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ შეთანხმება უსაფრთხოების შეთანხმება არ იყო და მასში "არ არის უსაფრთხოების გარანტიები", რის გამოც მისთვის ხელის მოწერა ამჟამად უკრაინის "ინტერესში არ არის".





